პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ Facebook-ლაივში აშშ-ს პრეზიდენტის დონალ ტრამპის უკრაინასთან მიმართებით არსებულ პოზიციებზე ისაუბრა.
ბოკერიას თქმით, მინერალებზე ხელშეკრულების დადება არანაირ პირდაპირი სამხედრო გარანტიებს არ იძლევა, თუმცა "სადაც ამერიკას აქვს მეტი ინტერესი, იქ ალბათობა იმის, რომ მეტი პოლიტიკური და სამხედრო რესურსი დახარჯოს ამ ინტერესების დასაცავად იზრდება, ამიტომ ეს არის კარგი ამბავი".
"ისეთი პროპაგანდის წარმოება ხელისუფლების მხრიდან, რომ დაამძიმო ისედაც მძიმე ვითარება, არის მინიმუმ უპასუხისმგებლობა, უარეს შემთხვევაში ღალატი. მე უკვე არაერთხელ დამაბრალეს, რომ ტრამპს იცავსო, კარგად გვიჩენს საქმესო, ამიტომ აქვე დათქმას ვაკეთებ, რომ იმ მოვლენებზე და კოლაჟზე დაყრდნობით, რაც განვითარდა ბოლო ორ დღეში, ტრამპის პირველი განცხადების შემდეგ, იმ დასკვნას კი არ ვაკეთებ, რომ საფრთხემ ჩაიარა ზოგადად უკრაინისთვის, ან ვიცით უკვე როგორ განვითარდება მოვლენები. - არა, არ ვიცით. [...] მაგრამ ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ არ უნდა ვიჩქაროთ. [...]
ტრამპის პირველი ვადის დროს, ნაბიჯები იყო რუსეთისთვის უაღრესად საზიანო, რიტორიკასთან შედარებით. უკრაინასთან მიმართებაში, იარაღის მიწოდება, დასანქცირება და სხვა ძალისმიერი ნაბიჯები რუსეთის შენაერთების მიმართ სირიაში და ა.შ. ამიტომ ვიძახდით, რომ ეს დაშვება არსებობს, ისე რომ რამეზე თავს ვერ დავდებთ, რა თქმა უნდა. ამიტომ, მგონია მნიშვნელოვანი, რომ ვაჩვენოთ, როგორ იცვლება რიტორიკა. [...]
ივანიშვილის რეჟიმის სახე და მისი მიდგომა არის, რომ ის ცდილობს ჩვენი საზოგადოების დემორალიზებას. იმ ნაწილის გაძლიერებას, რომელიც ფუნდამენტურად არის საქართველოს რუსეთის გარეშე დამოუკიდებლობის ვერმიმღები, ასევე, საზოგადოების ნაწილის იმ შეცდომაში შეყვანა, რომ "ისე ცუდად არის საქმე, რომ ისევ ხომ არ ჯობია, ასეთი ცუდები გვყავდეს ხელისუფლებაში, იქნებ გადავრჩეთ რუსეთის აგრესიას".
[...] რაც შეეხება ტრამპს, მოვისმინე ტრადიციული მემარცხენე რიტორიკა მინერალებზე, რომ "აი, კოლონიალიზმი და ხელში იგდებს ამერიკა", "ასეთია სამყარო და ყველაფერში მოგება უნდა ნახოს", თითქოს სიახლე იყოს ან უკრაინისთვის საზიანო, იმ ვითარებაში რაშიც უკრაინაა. [...] პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამხელა პოლიტიკური ინვესტიციის ჩადება ამ საკითხში საკუთარ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის და ფულს კიარ ვფლანგავთ, ფულს ვიბრუნებთო, როგორც თქვა რომ გაგრძელდება სამხედრო დახმარებაო და ამაში ჩვენი ინტერესი გვაქვსო - ამ ტიპის ინვესტიცია პრეზიდენტ ტრამპისგან არის კარგი უკრაინისთვის, საქართველოსთვის, თავისუფალი სამყაროსთვის, რადგან ეს მას აძლევს რესურს. თუ მომავალში მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან დაპირისპირება გრძელდება, უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების შემთხვევაში, მას ექნება სათქმელი საკუთარ ამომრჩეველთან რომ "მე ამხელა რამე მოვიტანე ჩვენი ქვეყნისთვის", რომ ამას აკეთებს არა ისე, როგორც მისი წინამორბედი, რომელსაც აკრიტიკებდა, არამედ ამერიკისთვის მომგებიანი პირობებით.
[...] ჩემი შეფასებით, ზუსტად არავინ იცის რამხელაა ეს მარაგი [მინერალების], თუმცა, ტრამპს აქვს პოლიტიკური ინსტინქტი, რომ ეს ინვესტიცია ჩადოს და შემდგომში ეს იყოს მისი არგუმენტი [უკრაინის დასახმარებლად]. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამბავი, იქიდან გამომდინარე, როგორც იქცევა პრეზიდენტი ტრამპი.
[...] ეს ხელშეკრულება არანაირ პირდაპირ სამხედრო გარანტიებს არ იძლევა, მაგრამ ტრამპისივე სიტყვები რომ მოვიყვანო, და საღი აზრის ფარგლებშიც ასეა - სადაც ამერიკას აქვს მეტი ინტერესი, იქ ალბათობა იმის, რომ მეტი პოლიტიკური და სამხედრო რესურსი დახარჯოს ამ ინტერესების დასაცავად იზრდება, ამიტომ ეს არის კარგი ამბავი". - თქვა ბოკერიამ.
მინერალებზე შეთანხმების განახლებული ვერსია აშშ-ს უკრაინასთან ერთობლივ ფონდზე სრულ საკუთრებას არ ანიჭებს, თუმცა, მასში არც მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული. ამის შესახებ გამოცემა Українська правда წერს, რომელმაც დოკუმენტზე წვდომა მოიპოვა.
განახლებული შეთანხმებიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც აშშ-ს საინვესტიციო ფონდზე 100%-იან კონტროლს აძლევდა. განახლებული ტექსტის მიხედვით, აშშ-ს მიიღებს მაქსიმალურ ფინანსურ წილს ფონდში, რომელიც აშშ-ს კანონმდებლობითაა დაშვებული.
"მინერალებზე შეთანხმება $500, $300 ან $100-მილიარდიან ვალს არ მოიცავს. ეს ჩვენთვის არასამართლიანი იქნებოდა. ჩვენ მოვალეები არ ვართ". - თქვა ზელენსკიმ რეპორტიორებთან საუბრისას.
უკრაინისა და აშშ-ს ერთობლივი მფლობელობა განისაზღვრება ქვეყნების მიერ ფონდში ფაქტობრივი შენატანების შესაბამისად. ფონდის მმართველი ორივე ქვეყანა ერთდროულად იქნება, თუმცა, აშშ შეინარჩუნებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას აშშ-ს კანონმდებლობის ფარგლებში.
ამასთან, შეთანხმებაში დამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას და აშშ-ს არ ექნებათ უფლება გაყიდონ ან გადაიტანონ საკუთარი წილი მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირების მიზნით, ფონდი უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან და მასთან დაკავშირებული პორტებიდან და ინფრასტრუქტურიდან (მათ შორის იმ ობიექტებიდან, რომლებიც უკრაინის არაპირდაპირ მფლობელობაშია) მიღებული შემოსავლის 50%-ს მიიღებს.
ფონდის კონტრიბუციის წყაროები არ მოიცავს იმ თანხებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია უკრაინის ბიუჯეტში შემოსავლის ნაწილად. შენატანების ვადები, მოცულობა და სტაბილურობა ფონდის შესახებ მომავალ შეთანხმებაში განისაზღვრება.
ფონდში შენატანების უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირება მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოხდება, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაცხადებული მიზნით. სამომავლო ფონდის ხელშეკრულებაში ასევე მითითებული იქნება, თუ როგორ გადანაწილდება თანხები დროთა განმავლობაში.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ შეთანხმების განახლებული ვერსიიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში ინვესტიციების გაორმაგებას ყოველ შემოწირულ დოლარზე. ასევე ამოღებულია პუნქტი, რომლის მიზანიც უკრაინის მშპ-ს 2021 წლის დონემდე აღდგენა იყო.
მანამდე, ოვალურ ოფისში აღმასრულებელ ბრძანებებზე ხელმოწერის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს დაუდასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს, ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს, რათა ორი ქვეყნის ლიდერმა მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმების შედეგად ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ფულს უკან დაიბრუნებენ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "$350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს".





