რუსეთის კომუნიკაციების განვითარების კვლევითმა ეროვნულმა ინსტიტუტმა (НИИКР) "პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის" 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველო "მეგობრულობის" კოეფიციენტი უკანასკნელ ერთ წელიწადში 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა და შარშანდელის მსგავსად, წელსაც "შედარებით მეგობრული ქვეყნების" სიაში მოხვდა.
ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთისადმი ყველაზე მეგობრულია ე.წ. სამხრეთი ოსეთი, ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი.
არამეგობრული ქვეყნების სიაში კი მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა შედიან.
2024 წლის აპრილში თბილისში გაიმართა კონფერენცია: "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2024, მიზიდულობის ძალები".
მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი კი კომუნიკაციების განვითარების კვლევითი ეროვნული ინსტიტუტი (НИИКР) იყო, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ), საგარეო დაზვერვის საბჭოსა (СВР) და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
საქართველოდან კი კონფერენციაში ჩართული იყვნენ პრორუსული ორგანიზაციები: ევრაზიის ინსტიტუტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი SIKHA Foundation-ი.
კონფერენციაზე რუსი და ქართველი "ექსპერტების" დისკუსია "ტრადიციულ ღირებულებებზე, როგორც ქვეყნებისა და ერების დამაახლოებელზე" მიმდინარეობდა.