აშშ-გაერთიანებული სამეფო

სტარმერი ვენსს: გაერთიანებულ სამეფოში დიდი ხანია, სიტყვის თავისუფლება გვაქვს და ასეც იქნება

27 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ტრამპის კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გაერთიანებულ სამეფოში არსებული სიტყვის თავისუფლების სტანდარტები გააკრიტიკა. 

როდესაც ვენსმა საუბარი დაასრულა, სტარმერმა უპასუხა, რომ მათ "ძალიან დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება აქვთ" და იგი "დიდხანს გასტანს კიდეც", რითაც სტარმერი ამაყობს. 

ვენსი: ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და მსგავს ევროპელ მოკავშირეებთან, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ იქ სიტყვის თავისუფლების დარღვევის [შემთხვევები] ყოფილა, რომლებმაც გავლენა იქონიეს არა მხოლოდ ბრიტანელებში - რა თქმა უნდა, რასაც ბრიტანელები საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ, მათი საქმეა - არამედ გავლენა იქონიეს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და, რაღაც მხრივ, ამერიკელ მოქალაქეებზე. ამის შესახებ ლანჩზე ვისაუბრებთ. 

სტარმერი: ჩვენ ძალიან დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს გაერთიანებულ სამეფოში და ის ძალიან დიდხანს გასტანს კიდეც. ნამდვილად, ჩვენ არ გვენდომებოდა, რომ ის აშშ-ს მოქალაქეებს გადასწვდეს და არც გვსურს, ეს აბსოლუტურად მართალია, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ისტორიით ამ საკითხში. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპის ვიცეპრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებში არსებული სიტყვის თავისუფლების სტანდარტებს აკრიტიკებს. 

15 თებერვალს, 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომლის დღის წესრიგში პირველ ადგილზე უკრაინაში მიმდინარე ომი იყო, ვენსმა ევროპული მთავრობები სიტყვის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპონენტების ცენზურაში დაადანაშაულა. 

ვენსის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე დამსწრე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების, სამხედრო ოფიცრებისა და დიპლომატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომის ნაცვლად, ევროპის შიგნით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. ვენსმა განაცხადა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს საკუთარი ხალხის ეშინოდათ, ხოლო მათი დემოკრატიისთვის საფრთხეს არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ ფუნდამენტური ღირებულებების, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების ეროზია წარმოადგენდა. 

"ის საფრთხე ევროპის წინაშე, რომელზეც მე ყველაზე მეტად ვღელავ, არ არის რუსეთი ან ჩინეთი, ის არცერთი სხვა გარე აქტორია. რაზეც მე ვღელავ არის შიგნით არსებული საფრთხე, ევროპის დაშორება მისი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებიდან, ღირებულებებიდან, რომლებსაც აშშ-სთან იზიარებს". - თქვა საკითხზე საუბრისას ჯეი დი ვენსმა. 

კომენტარები