თავდაცვის ანალიტიკოსებსა და საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, Bloobmerg წერს, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად აშშ-მ გაერთიანებულ სამეფოში, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღი განალაგა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის აშშ-ს მიერ ევროპის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის დამადასტურებელი სიგნალის მიცემაა.
გამოცემის მიხედვით, 16 ივლისს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ხომალდი საჯარო სანავიგაციო სისტემით, რაც მის იდენტიფიკაციისა და მდებარეობის საჯაროდ ნახვას შესაძლებელს ხდიდა, კირტლენდში მდებარე ბირთვული იარაღის საწყობიდან აფრინდა და გაერთიანებულ სამეფოში ლეიკენჰითის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაეშვა.
ამ ფრენაში მონაწილეობდა აშშ-ს საჰაერო ძალების C-17-ის ტიპის ხომალდი და სპეციალური დანაყოფი Prime Nuclear Airlift Force, რომელიც ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი.
Broolmberg აღნიშნავს, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს ხანგრძლივი პრაქტიკა აქვთ - ისინი ბირთვული იარაღის განლაგების სტატუსსა ან ადგილმდებარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტური დოკუმენტები აჩვენებს, რომ ლეიკენჰითში ბირთვული იარაღის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისთვის მილიონობით დოლარია გამოყოფილი.
გამოცემა წერს, რომ მაღალი ალბათობით, აშშ-მ გაერთიანებულ სამეფოში ახალი ტიპის B61-12 თერმობირთვული იარაღი განალაგა.
ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორმა, ჰანს კრისტენსენმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ "ამერიკული თვითმფრინავების მიერ საჯარო ნავიგაციის სისტემების ჩართვა აშშ-ს სურვილზე მიუთითებს - აჩვენოს რუსეთს, რომ ის ევროპაში თავის ბირთვულ შესაძლებლობებს არ ამცირებს".
გამოცემა იუწყება, რომ NATO-ს ოფიციალურ პირებს კომენტარი ამ თემაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.





