იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელია, თუ კიევს არ მიეცემა გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ შეიჭრება ქვეყანაში. მან ეს განცხადება რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"აუცილებელია ძალისხმევა, რათა საფუძველი ჩაეყაროს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდება, თუ კიევს მიეცემა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიები, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს აღარ განმეორდება და იმ ევროპულ ერებს, რომლებიც საფრთხეს გრძნობენ, უსაფრთხოების განცდა ექნებათ". - თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა.
მელონის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები "NATO-ს კონტექსტში უნდა გაიცეს".
"მე მჯერა, რომ ეს არის საუკეთესო სტრუქტურა იმისთვის, რომ მშვიდობა არც მყიფე იყოს და არც დროებითი, რათა ევროპას აღარ დაემუქროს ომის ტრაგედიაში ჩავარდნის რისკი. სხვა გადაწყვეტილებები ჩემთვის უფრო რთულად აღსაქმელია და, გულწრფელად რომ ვთქვა, ნაკლებად ეფექტური". - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.





