საქართველოს პარლამენტი

"FARA"-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება – კანონპროექტი

 

ქართული ოცნების დარეგისტრირებული "FARA"-ს კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც. ცვლილების მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა ან გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. პროექტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა "FARA"-ს კანონპროექტი, რომლის ტექსტიც აშშ-ს იურისდიქციაში მყოფებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ არის ნახსენები საქართველო და გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ. უცხო ქვეყნად მოხსენიებულია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები. 

ქართულმა ოცნებამ კანონპროექტში გამოიყენა სიტყვა აგენტი, რომელიც რუსული კანონის მიღებისას კანონპროექტის ტექსტიდან ამოიღეს. 

24 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.

კომენტარები