ქართული ოცნება

მდინარაძე: დავაინიცირებთ ამერიკული FARA-ს პირდაპირ ასლს და სრულფასოვნად ავამოქმედებთ

ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნება მიიღებს კანონპროექტს, "რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი". მანვე აღნიშნა, რომ პარალელურად, შექმნიან ფონდს "ქართველი ხალხის გავლენების გამტარებელი" საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად და ამისთვის ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.

"როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ს ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერას.

შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.

პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყოთ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან.

პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, შანტაჟი, ზეწოლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის, ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება და გაგრძელდება მათ შორის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია. რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ FARA-სთან დაკავშირებით დეტალზე საუბარს არ აპირებს.

"სპეციალურად ვაკეთებ ამას, ამიტომ, თუ ვინმეს აინტერესებს, რა იქნება ინიცირებული, წაიკითხონ ამერიკული კანონი, რომელიც მოქმედებს დღეს ამერიკაში და ჩვენ დავაინიცირებთ მის პირდაპირ ასლს" - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა.

2024 წლის აპრილში ქართულმა ოცნებამ  ხელახლა დააინიცირა ერთი წლის წინ უკან წაღებული რუსული კანონი. მმართველი გუნდი მათივე ტყუილს იმით ხსნიდა, რომ ოცნებამ კანონის არდაბრუნების პირობა დადო, NGO-ებმა “გამჭვირვალობის” და ხელისუფლება - “გადააგდეს”. პარლამენტმა კანონი პროტესტის და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მიიღო და პრეზიდენტის ვეტოც დაძლია.

 

კომენტარები