საქართველოს პარლამენტი

"FARA"-ს კანონპროექტი არ შეესაბამება ჩვენს სამართლებრივ სისტემას – იურიდიული დეპარტამენტი

პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი "FARA"-ს ანალოგი, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" და დაადგინა, რომ კანონის სტრუქტურა არ მიემართება არსებულ ნორმას, გამომდინარე იქიდან, რომ შეიცავს "მთელ რიგ შინაარსობრივ და სამართლებრივ" უზუსტობებს, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ს სამართლებრივ ურთიერთობებს და არ შეესაბამება საქართველოს სამართლებრივ სისტემას.

დეპარტამენტის განმარტებით, ასევე "აღსანიშნავია", რომ კანონპროექტში მოხსენიებული "კონგრესი", "ხაზინის მდივანი", "კონგრესის ბიბლიოთეკა", "სახელმწიფო დეპარტამენტი" და სხვა ორგანოები/პირები საქართველოს კანონმდებლობაში "არ არსებობს". ამიტომ, დეპარტამენტის განცხადებით, დასაზუსტებელია თუ რომელი ორგანო/პირი განახორციელებს კანონში მოცემულ უფლებამოსილებებს.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი პარლამენტის ბიუროს რეკომენდაციით მიმართავს, "იმსჯელოს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობაზე".

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა "FARA"-ს კანონპროექტი, რომლის ტექსტიც აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ პირებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება.

კანონპროექტში არ არის ნახსენები საქართველო და გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ. უცხო ქვეყნად მოხსენიებულია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები. 

ქართულმა ოცნებამ კანონპროექტში ასევე გამოიყენა სიტყვა აგენტი, რომელიც რუსული კანონის მიღებისას ტექსტიდან ამოიღეს. 

"FARA"-ს კანონპროექტის მიხედვით, უცხოური პრინციპალის აგენტი ნიშნავს:

  • ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე, ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად; ასევე, პირს, რომლის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ, არის მის მიერ მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად და, რომელიც პირდაპირ ან სხვა პირის მეშვეობით:
     
  • მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ აქტივობებში უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე; 
     
  • უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, საზოგადოებრივი აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
     
  • უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში;  
     
  • ან ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი სააგენტოს ან ოფიციალური პირის წინაშე;
     
  • ასევე, ნებისმიერი პირს, რომელიც ეთანხმება, ვარაუდობს ან ამტკიცებს, რომ იმოქმედებს ან იქნება, ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, უცხოური პრინციპალის აგენტი, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

ქართული ოცნება, "FARA"-ს მიხედვით, ტერმინს უცხოური პრინციპალის აგენტი არ გაავრცელებს "კეთილსინდისიერ ახალი ამბების გამავრცელებელზე", თუ მათი მფლობელები არ არიან "მართული, კონტროლირებული, სუბსიდირებული ან დაფინანსებული, ასევე, მათი არც ერთი პოლიტიკა არ განისაზღვრება "უცხოური პრინციპალის“ მიერ". 

"ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ ვრცელდება იმ ტიპის ახალი ამბების მაუწყებლებზე, პრეს-საშუალებებზე, ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის კანონის საფუძველზე ან სხვა ისეთ ადგილას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციას ექვემდებარება, ან ნებისმიერ გაზეთზე, ჟურნალზე, პერიოდულ გამოცემაზე ან სხვა სახის პუბლიკაციაზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურში ინახება, 39-ე მუხლის 36112 დებულების შესაბამისად, იმ ტიპის კეთილსინდისიერ ახალი ამბების მაუწყებლებსა და ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებლებზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს, და რომელთა სულ მცირე 80%-ის მფლობელი და მისი მმართველი მენეჯერები და ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან და ასეთი ახალი ამბების საინფორმაციო საშუალებები და პრეს ცენტრები ან ასოციაციები, გაზეთები, ჟურნალები, პერიოდული ან სხვა გამომცემლობები, არ არიან „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მფლობელობაში, არ არიან მის მიერ მართული, კონტროლირებული, სუბსიდირებული ან დაფინანსებული, ასევე, მათი არც ერთი პოლიტიკა არ განისაზღვრება „უცხოური პრინციპალის“ მიერ, რომლის მნიშვნელობაც განმარტებულია ამავე მუხლის „ბ“ პუნქტში, ან „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მიერ, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია დარეგისტრირდეს რეესტრში ამავე კანონის საფუძველზე". - წერია კანონპროექტში. 

"FARA"-ს კანონპროექტის მიხედვით, მის აღსრულებაში აშშ-ში იუსტიციის დეპარტამენტი მონაწილეობს, საქართველოში მსგავსი დეპარტამენტი არ არსებობს. 

განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით "FARA"-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება, მას ხელს ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აწერს. 

"2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას. აღნიშნულის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული რეალობა. კერძოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია. შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონით ვერ ხერხდება კანონმდებლის ნების ეფექტიანი აღსრულება". - წერია განმარტებით ბარათში. 

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები:

  • უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
     
  • სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
     
  • უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
     
  • უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
     
  • უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
     
  • უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
     
  • უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

24 თებერვალს ივანიშვილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "FARA"-ს კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ის განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.

კომენტარები