რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანის დედაქალაქში, თეირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთდღიანი ვიზიტის დროს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ.
ლავროვი ირანში ჩასვლის წინა დღეს აშშ-მ ირანის ნავთობის ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ღიად აცხადებდა, რომ ირანის მიმართ "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა ხელახლა აღდგებოდა.
აშშ-ს სახელმწიდო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ირანი რეგიონის დესტაბილიზაციაში მთავარი პასუხისმგებელია და მას არასდროს უნდა მიეცეს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
პარალელურად, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვის საკითხზე და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. მხარეებმა ერთი შეხვედრა უკვე გამართეს საუდის არაბეთში, ხოლო მეორე შეხვედრაც უახლოეს მომავალში იგეგმება.





