სახალხო დამცველი ბოლო დღეებში საქართველოში გამოწვეულ სტიქიურ მოვლენებს გამოეხმაურა. იოსელიანი ამბობს, რომ გურიასა და სხვა რეგიონებში გამოწვეულმა პრობლემებმა სტიქიასთან დაკავშირებით, პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა კიდევ ერთხელ გამოავლინა.
"ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტისა და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთობლივი ძალისხმევითა და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით.
გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებასა და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
ლევან იოსელიანმა გურიაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.
-
გურიის მოამბე: ნატანებში გარდაიცვალა ქალი – სახლში მისვლა დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება
-
სამწუხაროდ, სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი - რწმუნებული
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ.
მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდებათ შუქი და წყალი, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას.





