პაპი ფრანცისკე

პაპის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ვატიკანის თქმით, აღენიშნება თირკმლის უკმარისობაც

პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკეს მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება. ვატიკანის განცხადებით, პაპის სისხლის ანალიზებმა თირკმლის მსუბუქი უკმარისობაც აჩვენა, რომელიც "ამჟამად კონტროლის ქვეშაა". 

ვატიკანის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პაპს გუშინდელის შემდეგ რესპირატორული ინფექცია არ გამწვავებია. 

"სისხლის ანალიზებმა აჩვენა თირკმლის საწყისი, მსუბუქი უკმარისობა, რომელიც ამჟამად კონტროლის ქვეშაა. [...] პაპი კვლავ ფხიზლად არის და კარგად ორიენტირებს". - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში. 

პაპმა, რომელიც კვლავაც სასუნთქ აპარატზეა შეერთებული, საკვირაო წირვაში მონაწილეობა გემელის საავადმყოფოს მეათე სართულზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მიიღო. 

ვატიკანის განცხადებით, "კლინიკური სურათის კომპლექსურობა და ფარმაკოლოგიური თერაპიის შედეგებისთვის საჭირო დრო" პროგნოზის განსაზღვრას ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის. 

ცნობისთვის, წმიდა საყდარმა გუშინ, 22 თებერვალს განაცხადა, რომ რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

"წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მას საფრთხისთვის თავი არ დაუღწევია". - წერია განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, პაპმა გადაიტანა "ასთმის მსგავსი განგრძობადი რესპირატორული კრიზისი".

"პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია". - განაცხადა ვატიკანმა. 

გარდა ამისა, ვატიკანის ცნობით, დღევანდელმა ანალიზმა თრომბოციტოპენია გამოავლინა, რაც ანემიასთან არის ასოცირებული და რის გამოც პაპს სისხლის გადასხმა დასჭირდა.  

ექიმების თქმით, პაპ ფრანცისკესთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეფსისის დაწყება წარმოადგენს, რაც, შეიძლება, პნევმონიის გართულების შედეგად მისი სასუნთქი სისტემიდან სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიების შეღწევამ გამოიწვიოს.

პაპის მკურნალმა გუნდმა თქვა, რომ ამჟამად სეფსისი ნიშნები არ აღინიშნება და ის მედიკამენტებზე დადებითად რეაგირებს. 

პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს. 

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.  

მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა. 

კომენტარები