ჰამასმა ისრაელს მოკლული მძევლის, შირი ბიბასის სხეული გადასცა. 32 წლის მოკლული ქალის ოჯახის თქმით, ცხედარი, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელს გადასცა, ნამდვილად შირის ეკუთვნის.
"ჩვენი შირი ტყვეობაში მოკლეს და ის ახლა სახლში დაბრუნდა". - თქვა შირის ოჯახმა განცხადებაში. ისრაელის ექსპერტიზას ჯერ არ მოუხდენია ცხედრის იდენტიფიცირება.
ხუთშაბათს, 20 თებერვალს ჰამასმა ისრაელს შირი ბიბასის ცხედრის ნაცვლად სხვა ქალის ცხედარი გადასცა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით, არცერთ ისრაელელ მძევალს ეკუთვნოდა.
ამის გამო ისრაელმა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ისრაელის პრემიერმინისტრმა კი განაცხადა, რომ ასეთი "ცინიკური ქმედებისთვის" ისრაელი ჰამასს "სრულ ფასს გადაახდევინებდა".
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ჰამასის ისრაელელი მძევლები და შირი ბიბასის 2 მცირეწლოვანი ვაჟი - 10 თვის კფირ ბიბასი და მისი 4 წლის ძმა, არიელ ბიბასი ტერორისტებმა "თავიანთი შიშველი ხელებით მოკლეს". ჰამასი აქამდე დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანი ძმები 2023 წლის ნოემბერში ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
"ჰამასის ტყუილების საწინააღმდეგოდ, არიელ და კფირ ბიბასები საჰაერო იერიშს არ მოუკლავთ, არიელ და კფირ ბიბასები ცივსისხლიანად მოკლეს ტერორისტებმა. ტერორისტებმა 2 პატარა ბიჭს არ ესროლეს - მათ ისინი შიშველი ხელებით მოკლეს. ამის შემდეგ მათ საშინელი ქმედებები ჩაიდინეს, რომ ეს სისასტიკე დაემალათ". - განაცხადა ჰაგარიმ.
ჰამასმა 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მცირეწლოვნები და მათი დედა ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპნენ. თუმცა ისრაელის არმიის განცხადებით, დაზვერვის მონაცემები და ექსპერტიზის დასკვნა აჩვენებს, რომ მცირეწლოვნები ტერორისტებმა გამიზნულად დახოცეს.
20 თებერვალს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს 4 მოკლული ისრაელელი მძევლის ცხედრები გადასცა. მათ შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰამასმა ისრაელს მძევლების ცხედრები გადასცა.
4 მოკლულ ისრაელელ მძევალს შორისაა 32 წლის ქალი, შირი ბიბასი, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი - 4 წლის არიელი და 9 თვის კფირი და 84 წლის მამაკაცი, ოდედ ლიფშიცი. ყველა მათგანი ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გაიტაცეს.
შირი ბიბასის მეუღლე, მოკლული მცირეწლოვანი არიელისა და კფირის მამა, იარდენ ბიბასი ჰამასის ტყვეობაში 16 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იგი 1-ელ თებერვალს გათავისუფლდა.
"ჩვენი გულები - მთელი ერის გული - დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გიხრით თავს და გთხოვთ პატიებას. პატიებას, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. პატიებას, რომ ვერ დაგაბრუნეთ შინ უსაფრთხოდ". - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.
ტერორისტებმა წითელი ჯვრისთვის ცხედრების გადაცემამდე ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში, ტრადიციულად, სცენა მოაწყვეს და სცენაზე 4 შავი კუბო დემონსტრაციულად დაასვენეს. სცენაზე აღმართულ ბანერზე მოკლული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო დატანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირს. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 19 იანვარს შევიდა, ჰამასმა ამ დროისთვის ისრაელს 28 მძევალი გადასცა - მათგან 24 ცოცხალი, ხოლო 4 მოკლული. ისრაელიდან ღაზის სექტორში დაბრუნდა ასობით პალესტინელი პატიმარი.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს.