საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს მიმართავს და მოუწოდებს, რომ "ქვეყნის გადარჩენას" არა მსხვერპლი, არამედ "ცოცხალი მებრძოლი სჭირდება".
ქათამაძე უკვე 36-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
"არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა მზიასავით ვეტყოდი რომ ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება". - დაწერა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 13 თებერვალს ქათამაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ შიმშილობის დაწყებიდან ქათამაძემ 17 კილო დაიკლო. ადვოკატის ცნობითვე, რეჟიმის პატიმარს გადაადგილება უჭირს.
ბათუმელი მედროშე რეჟიმის პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც მედროშემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
6 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის საჩივარი და ის პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება შიმშილობის 38-ე დღეს მიიღო.