თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ე.წ. კაბელების საქმის შესახებ ისაუბრა.
ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებამდე ერთი წლით ადრე მან საფრანგეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომ საფრანგეთს საქართველოსთვის მიეყიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო სანაცვლოდ საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მიიღებდა მონაწილეობას.
ალასანიას მტკიცებით, მემორანდუმის გაფორმების წინა დღეს მას სატელეფონო ზარის საშუალებით მოსთხოვეს, ჩაეშალა შეთანხმება. ალასანიას თანახმად, "ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი".
"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის მერე, პრაქტიკულად უსიტყვო ემბარგო იყო საქართველოზე, რომ მიეყიდათ დასავლეთის ქვეყნებს ლეტალური იარაღი, თავდაცვის იარაღიც, [საქართველოსთვის]. ამის გარღვევას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა.
გეტყვით, ადამიანური ურთიერთობებიც რამდენ რამეს წყვეტს თანამედროვე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებში, NATO-ს მინისტრების ერთ-ერთ შეხვედრაზე, მე მქონდა შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, [ჟან-ივ] ლე დრიანთან, ძალიან ღირსეული და სერიოზული კაცია. მაშინ ამიხსნა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უნდოდა და აუცილებელი იყო, რომ ევროპული ძალები წასულიყვნენ სამშვიდობო მისიით, მაგრამ ვერ კრებდა ევროპელებს და მთხოვა, რომ ხომ არ განიხილავდა საქართველო მაშინ [2013 წელს] მონაწილეობას, რომ კონტინგენტი გაეშვა.
ბუნებრივია, მე საქართველოს ჯარის გაშვებას საერთაშორისო მისიებში ასე მარტივად არ ვუყურებდი, ვიცი, რა პასუხისმგებლობაა და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა განგვეხილა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს შევათანხმე მთავრობასთან, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მაგრამ საქართველოს აქედან უნდა მიეღო რაღაც. მან მკითხა, "რა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს".
საქართველოს აკლია ბევრი რამ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა საჰაერო თავდაცვა, რომ საქართველოს ცა იყოს დაცული. მათ, ფრანგებს, ამერიკელების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვა აქვთ. არის ასეთი ასტერ-30 სისტემა, რომლითაც იცავენ თავად ფრანგები პარიზს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
დაფიქრდა და მითხრა, რომ შეათანხმებდა იმდროინდელ პრეზიდენტთან, ოლანდი იყო მაშინ. გავიდა გარკვეული დრო, დამირეკა და მთხოვა შეხვედრა ისევ. ამ შეხვედრაზე მითხრა, რომ ამის შესაძლებლობა არის, "პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პირველი ევროპული სახელმწიფოსგან ამასთან დაკავშირებით და თუკი თქვენც თანახმა ხართ, რომ მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება ეს გარიგება შედგეს".
ბუნებრივია, ეს შეთანხმებული იყო ყველა ჩვენს შესაბამის სტრუქტურასთან, პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთანაც. ამას დასჭირდა დაახლოებით ერთი წელი, თვითონ სისტემებს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, იმაზეც წამომყვნენ ფრანგები, რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და ჩვენ გადახდა დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ე.ი. 2013-2014 წელს ეს პროექტი რომ დაგვეწყო, 2021 წლისთვის საქართველოს ცა, მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული.
ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც მე ვესწრებოდი, თავდაცვის მინისტრის რანგში, და იქ საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმდა.
შემდეგ ჩაინიშნა დღე, როდესაც უნდა ჩავსულიყავი, უნდა შევხვედროდი ამ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და გაგვეფორმებინა შეთანხმება. ზუსტად წინა დღით, თუ არ ვცდები, იყო ნოემბერი 2014 წლის, მაქვს ზარი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან და მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელმოწერისთვის.
ჯერ ეს ერთი, ეს ჩვენი იმიჯისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, რომ ყველასთან შეთანხმებულ შეთანხმებაზე უარი მეთქვა მე თვითონ, რომელიც ვითხოვდი ამ შეიარაღებას. მეორე - ვუთხარი, რომ ყველასთან შეთანხმებულია და ვინ დარჩა გადაწყვეტილების მიმღები, ვინც შენ გთხოვს, რომ მე არ მოვაწერო ხელი. ამიტომ, უარი ვუთხარი.
[...] პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ, ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი.
[...] მეორე დღის 5-6 საათზე, სანამ იქ, პარიზში გათენდებოდა, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ეს 5 თანამშრომელი, აბსოლუტურად უდანაშაულო, რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო და მე არ მომეწერა ხელი. მე რომ ხელი არ მომეწერა ამ შეთანხმებაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი, ამ ბიჭების ღალატიც, ჩვენი ღირსებიც ღალატიც, თავდაცვისუნარიანობისთვის ამხელა შესაძლებლობის შეძენის ღალატიც და ამიტომ, მაინც მოვაწერე ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად, მე უნდა წავსულიყავი მთავრობიდან.
ეს ხელმოწერილი მემორანდუმი, რასაც შემდეგ შეთანხმება უნდა მოჰყოლოდა, დღესაც ძალაშია. ეს თავდაცვის მინისტრი შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთ ფორუმზე შევხვდი და მითხრა, რომ "ჩვენი შეთანხმება ისევ ძალაშია, თუ ეს საქართველოს უნდა", ანუ ფანჯარა დატოვებულია.
[...] მინდა, გითხრათ რა დავკარგეთ. როცა თავდაცვის შესაძლებლობებს სწავლობ, როცა ჰაერი დაცული გაქვს, შენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ მეტი შესაძლებლობა, რომ შემაკავებელი ფაქტორი ჰქონდეს საგარეო აგრესიისგან. თავი დავანებოთ რუსეთს, რეგიონში უნდა გქონდეს ისეთი თავდაცვა, რომ ყველამ იცოდეს, შენზე ხელაღებით აგრესიით წამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება, რაც ჯარსაც აძლევს ძალიან დიდ სტიმულის, როცა ჰაერი დაცულია, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ამიტომ, ეს იყო, ჩემი აზრით, უპატიებელი შეცდომა, რომელიც იმდროინდელმა მთავრობამ დაუშვა. 2021 წლისთვის ეს სისტემა იქნებოდა საქართველოში გამართული. ამას ხომ ეკონომიკაც ებმის, როდესაც იციან რომ ქვეყანა დაცულია, პატივს სცემენ, იქ ბიზნესიც უფრო სტაბილურად ვითარდება, ამიტომ ამაზე ბევრი რამეა მიბმული". - თქვა ალასანიამ.
2025 წლის 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.
"სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უფლებაა იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის, დაირღვა. ამდენად, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების დარღვევა.
საიას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2025 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია". - წერს საია.
ცნობისთვის, 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.
თავდაპირველად საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ, პროკურატურა კი მათ მასალების უწყების შენობაში გაცნობას სთავაზობდა. მოგვიანებით, საქმის მასალების დიდ ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და ის მასალების 7%-ზე დარჩა.
ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გაფლანგვის მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. ხუთივე მსჯავრდებული საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე შეიწყალა.
2015 წელს ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ უარყო ირაკლი ალასანიას განცხადება. ჯანელიძის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან "არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობდა".
"არც ყოფილა არასდროს საუბარი ამ ხელშეკრულების დადებაზე. არაფერს არ ეწურება ვადა. პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში და წარმატებით. ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, იდგმება. რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება თავდაცვის ინტერესები.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ. მათ შორის, საჰაერო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, მათ შორის, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს, საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხებზე საუბარს. ყველაფერი არის ძალიან კარგად". - თქვა ჯანელიძემ.
კითხვაზე, "თქვენ მოაწერთ ხელს საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვაზე შეთანხმებას, რომ იყოს შესაძლებლობა?" - ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უპასუხა - "რა თქმა უნდა".





