საჰაერო თავდაცვა

ჯანელიძე: საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვაზე ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს

ტაბულა

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან "არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს". ჯანელიძემ უარყო ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში ბოლო ვიზიტის დროს, საფრანგეთში ხელი მოაწერა საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმს და მისი ამოქმედების ვადა 31 მარტს იწურება. შეგახსენებთ, რომ ალასანიას თქმითვე, მას საფრანგეთში სწორედ მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, ხელშეკრულება არ გაეფორმებინა.

"არც ყოფილა არასდროს საუბარი ამ ხელშეკრულების დადებაზე. არაფერს არ ეწურება ვადა. პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში და წარმატებით. ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, იდგმება. რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება თავდაცვის ინტერესები... კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ. მათ შორის, საჰაერო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, მათ შორის, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს, საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხებზე საუბარს. ყველაფერი არის ძალიან კარგად", - განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, "თქვენ მოაწერთ ხელს საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვაზე შეთანხმებას, რომ იყოს შესაძლებლობა?" - თავდაცვის მინისტრი პასუხობს - "რა თქმა უნდა".

კომენტარები