საჰაერო თავდაცვა

ალასანია: ჯანელიძემ მომთხოვა, საჰაერო თავდაცვაზე შეთანხმება არ გამეფორმებინა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. ამის შესახებ ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ მინდია ჯანელიძე გადაწყვეტილების მიმღები არ იყო.

"პრინციპში, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ასე იყო, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის გადაწყვეტილების მიმღები. აქედან გამომდინარე, ვინ შეასრულებდა მედიატორის ფუნქციას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს იმედს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ადამიანებმა პირველ რიგში, სწორედ პოზიტიურად განვითარების სცენარზე უნდა ვიფიქროთ. მეც მწამს, რომ ასეთი ფუნდამენტჩაყრილი საქმე ასე სწრაფად არ შეიძლება გაფუჭდეს", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ დაელოდება,როგორ დასრულდება საფრანგეთში მინდია ჯანელიძის მოლაპარაკებები.

"მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება, თუ არ შედგა, ვალდებულებას შევასრულებ და დეტალურად ჩავაყენებ საქმის კურსში საზოგადოებას", - თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. 

გადაცემის წამყვანმა ირაკლი ალასანიას ჰკითხა, თუ მინდია ჯანელიძემ ადრე მოსთხოვა, რომ ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის, რა შეიცვალა ახლა და რატომ აქვს იმედი, რომ ჯანელიძე, რომელიც საფრანგეთში იმყოფება და მოლაპარაკებებს სწორედ ზემოთაღნიშნულ საკითხზე აწარმოებს, გააფორმებს შეთანხმებას.

"რატომ არ შეიძლებოდა, ხელი თქვენ მოგეწერათ"? - იკითხა გადაცემის წამყვანმა, რაზეც ალასანიამ თქვა, რომ არ უნდა, თავისი წინასწარი შფასებით საფრთხე შეუქმნას მოლაპარაკებებს.

"მე იმედი გამოვხატე, რომ წარმატებით დასრულდეს. მე არ მინდა, მიმდინარე მოლაპარაკებებისას, დამატებითი საფრთხე შევუქმნა ჩემი წინასწარი შეფასებით იმ შესაძლებლობას, რომელიც მართლა შეიძლება არსებობდეს ხელმოწერისას. რამდენიმე დღეა დარჩენილი და მოდი, მოთმინებით მივუდგეთ ამ საკითხს, დაველოდოთ და როგორც კი გავა ეს დრო, მე თქვენს განკარგულებაში ვარ და დეტალურად ჩავაყენებ საქმის კურსში საზოგადოებას თუ რაზეა საუბარი" - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები