საჰაერო თავდაცვა

ჯანელიძე: საფრანგეთთან ხელმოწერილი მემორანდუმი არ არის ვალდებულებითი ხასიათის

ტაბულა

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის შესახებ საფრანგეთთან ხელმოწერილი მემორანდუმი არ ითვალისწინებდა რაიმე ხელშეკრულების გაფორმებას. ამის შესახებ ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ საკითხზე უფრო დეტალურად ნდობის ჯგუფში ისაუბრებს.

"თუ თქვენ ამბობთ, რომ მემორანდუმის ვადა ამოიწურა, მე გეუბნებით, რომ მემორანდუმი არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას. ამაზე უფრო დეტალურად ნდობის ჯგუფში ვისაუბრებ", - განაცხადა ჯანელიძემ. მისივე განმარტებით, მემორანდუმის ტექსტი ნამდვილად იყო განხილული უსაფრთხოების საბჭოზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"ნაწილი მოწონებული იყო, ნაწილი არა. საბოლოო სახით არ მიგვიღია", - თქვა მინისტრმა და მის წინამორბედთან, ირაკლი ალასანიასთან სატელეფონო ზარი დაადასტურა.

"მე არსად არ მითქვამს, რომ არ დამირეკავს. დიახ, დავურეკე და არ ვმალავ. დავურეკე იმიტომ, რომ გაგვევლო ის პროცედურები, რაც უნდა გაგვევლო და ამის შემდეგ მოგვეწერა ხელი. ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა შეეძლო მინისტრს, შეეძლო ატაშეს, შეეძლო სხვა თანამდებობის პირს", - განაცხადა ჯანელიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "მემორანდუმი, რასაც ხელი მოეწერა, არ არის რამე ვალდებულებითი ხასიათის დოკუმენტი".

კომენტარები