დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, მიმდინარე და მომდევნო წელს დანიის სამხედრო ბიუჯეტი 50 მილიარდი კრონით გაიზრდება. მისი თქმით, საჭიროა დეფიციტის შევსება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდაცვის სისტემების კუთხით.
"არის თუ არა მსოფლიოში რთული ვითარება? დიახ. არსებობს თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ ეს მალე დასრულდება? არა. არსებობს მხოლოდ ერთი გზავნილი თავდაცვის მინისტრისთვის: შეიძინე, შეიძინე, შეიძინე". - განაცხადა ფრედერიკსენმა.
მისი თქმით, შესყიდვები ხანგრძლივი ტენდერის პროცედურების გარეშე მოხდება. "თუ ვერ მივიღებთ ყველაზე საუკეთესო ტექნიკას, შევიძენთ მის შემდეგ საუკეთესოს. ახლა მხოლოდ ერთი რამეა მნიშვნელოვანი და ეს სისწრაფეა". - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლანდ პოულსენმა განაცხადა, რომ 2025 წელს დანია თავდაცვაზე მშპ-ს 3.2% დახარჯავს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.37%-ს შეადგენდა.
დანიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შიდა ძალების ხანგრძლივი შემცირების გამო დანიას არ აქვს საჰაერო თავდაცვა და მოკლებულია საზღვაო შესაძლებლობებს.
მანამდე, 17 თებერვალს პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა მთელ ევროპას ემუქრება.
"ყველა ევროპელმა უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ და ამავე დროს გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რადგან რუსეთი ახლა, სამწუხაროდ, მთელ ევროპას ემუქრება". - განაცხადა ფრედერიკსენმა ელისეს სასახლეში.
"არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან. სწორედ ამიტომ ძალიან მაწუხებს სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რადგან ეს პუტინსა და რუსეთს ხელახალი მობილიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა შეუტიოს უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყანას". - თქვა მან.





