დანია

2026 წლიდან დანია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევასაც დაიწყებს

დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი ქვეყნის ჯარისკაცებს ხვდება
SCANPIX/EPA/MIKKEL BERG PEDERSEN

დანიაში ახლად წარდგენილი რეფორმებით, ჯარში სავალდებულო გაწვევა ქალებზეც გავრცელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა გაიზრდება. ამასთანავე, მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი $6 მილიარდით უნდა გაიზარდოს, რათა NATO-ს სტანდარტთან იყოს თანხვედრა.

დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ოთხშაბათს რეფორმების წარდგენისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა "სქესებს შორის თანასწორობის" დამყარებას ცდილობს. ხოლო თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პულსენის თქმით, "უფრო ძლიერმა სავალდებულო სამსახურმა, რომელიც გენდერულ თანასწორობას შეიცავს, თავდაცვაში არსებული გამოწვევების გადაჭრას, ეროვნულ მობილიზაციასა და შეიარაღებული ძალების შევსებას უნდა შეუწყოს ხელი.

"ჩვენ ხელახლა შეიარაღება ომისთვის არ გვინდა. ჩვენ შეიარაღება მისი [ომის] თავიდან არიდებისთვის გვსურს". - თქვა დანიის პრემიერმა.

ამჟამად ქვეყნის სამხედრო სამსახურში ქალებს მოხალისეობა შეუძლიათ, თუმცა, ახალი გეგმით, 2026 წლიდან სავალდებულო გაწვევა ქალებზეც გავრცელდება. აღნიშნული რეფორმით დანია ევროპაში მესამე ქვეყანა იქნება, შვედეთისა და ნორვეგიის შემდეგ, რომელიც ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურობას დაავალდებულებს.

2023 წელს სამხედრო სამსახური 4700-მა პირმა მოიხადა, რომელთაგანაც 25% ქალი იყო. ახალი რეფორმით, ეს რიცხვი წელიწადში 5000-მდე გაიზრდება.

დანია ასევე გეგმავს, სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 1.4%-დან 2%-მდე გაზარდოს, რათა თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს სტანდარტის შესაბამისი იყოს. ამას გარდა, ახალი რეფორმით სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა ოთხი თვიდან 11-მდე გაიზრდება.

კომენტარები