პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა. მათ შორისაა 2 მცირეწლოვანი ბიჭი, რომლებზეც დიდი ხანია, ვარაუდობდნენ, რომ ტერორისტების ტყვეობაში დაიღუპნენ.
4 დაღუპულ ისრაელელ მძევალს შორისაა 32 წლის ქალი, შირი ბიბასი, მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი - 4 წლის არიელი და 9 თვის კფირი და 84 წლის მამაკაცი, ოდედ ლიფშიცი. ყველა მათგანი ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დროს გაიტაცეს.
შირი ბიბასის მეუღლე, დაღუპული მცირეწლოვანი არიელისა და კფირის მამა, იარდენ ბიბასი ჰამასის ტყვეობაში 16 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. იგი 1-ელ თებერვალს გათავისუფლდა.
"ჩვენი გულები - მთელი ერის გული - დამსხვრეულია. ისრაელის სახელმწიფოს სახელით, გიხრით თავს და გთხოვთ პატიებას. პატიებას, რომ ვერ დაგიცავით იმ საშინელ დღეს. პატიებას, რომ ვერ დაგაბრუნეთ შინ უსაფრთხოდ". - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.
ტერორისტებმა წითელი ჯვრისთვის ცხედრების გადაცემამდე ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში, ტრადიციულად, სცენა მოაწყვეს და სცენაზე 4 შავი კუბო დემონსტრაციულად დაასვენეს. სცენაზე აღმართულ ბანერზე დაღუპული მძევლების სურათებთან ერთად ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულება იყო დატანილი. ბანერი ნეთანიაჰუს გამოსახავდა, როგორც ვამპირს. ტერორისტების მტკიცებით, მძევლები ღაზაზე ისრაელის ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადებაში დაადასტურა, რომ ისრაელმა "4 მძევლის კუბოები მიიღო".
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 19 იანვარს შევიდა, ჰამასმა ამ დროისთვის ისრაელს 28 მძევალი გადასცა - მათგან 24 ცოცხალი, ხოლო 4 დაღუპული. ისრაელიდან ღაზის სექტორში დაბრუნდა ასობით პალესტინელი პატიმარი.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს.