საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, დევიძის ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც კი ვერ ცნობდნენ.
"გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, დაზარალებულიც, გიორგი ესტატიშვილი. [...]
ესტატიშვილმა ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს, რომ ზურგის მიდამოში განიცადა ტკივილი, შემობრუნდა და დაინახა მათე დევიძე ჯოხით ხელში. მან ჩათვალა, რომ დაარტყა მათემ ჯოხი.[...]ჟამერაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ასეთი ჩვენება, რომ მათე დევიძემ მას ჯოხი გადაარტყა წინიდან, ხოლო დაზიანება მიიღო და ტკივილი განიცადა უკანა მხარეს, ბეჭის არეში. [...]
თვითინ დაზარალებული პოლიციელები კადრში საკუთარ თავსაც ვერ ცნობდნენ. [...]ჩვენ აუცილებლად დასკვნით სიტყვას როდესაც ვიტყვით, დასაბუთებულად და არგუმენტირებულად გავაქარწყლებთ ბრალდებას ყველა ეპიზოდში." - თქვა მათე დევიძის ადვოკატმა მედიასთან კომენტარში.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა, მაგრამ ვგრძნობ, პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ." - ამონარიდი დევიძის წერილიდან, რომელიც მან ილიაუნის სტუდენტურ მოძრაობას მოქალაქეების მიერ მისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად მიწერა.





