ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პატარა ვარსკვლავების შეერთებით დიდ სხივს ვაშუქებთ - მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას წერილები ციხიდან

მათე დევიძე და ლუკა ჯაბუა
პუბლიკა. ნეტგაზეთი

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული სტუდენტების მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აქვეყნებს. 

21 წლის მათე დევიძე 19 ნოემბერს არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე დააკავეს, მას 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

20 წლის ლუკა ჯაბუა კი 6 დეკემბერს, დილით, საკუთარ სახლში დააკვეს, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.

მათე დევიძე და ლუკა ჯაბუა ერთ საკანში არიან. მათ ილიაუნის სტუდენტურ მოძრაობას წერილები მოქალაქეების მიერ გაგზავნილი წერილების პასუხად გაუგზავნეს. ორივე წერილი 2024 წლის 30 დეკემბრით თარიღდება. ტაბულა მათ უცვლელად გთავაზობთ.

მათე დევიძის წერილი ციხიდან:

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო და თანამემამულეებო.

გისოსებიდან გიხდით უღრმეს მადლობას სწორ მხარეს დგომისთვის, გვერდში დგომისთვის და რაც მთავარია, სამშობლოსთვის შეუპოვარი და შეუდრეკელი ბრძოლისთვის. თქვენ ხართ ის, რაც ბრძოლის გაგრძელების სურვილს გვინარჩუნებს. თქვენ გვაიმედებთ და გვარწმუნებთ რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. 

თქვენი თავისუფლების წყურვილი გვკვებავს სასოწარკვეთის წინააღმდეგ, რომელიც ასე ძლიერ ცდილობს ჩვენს გატეხას. მაგრამ არა, არ დავნებდებით, ვერ დავნებდებით, სანამ თქვენ ხართ, სანამ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის. თქვენ გვინარჩუნებთ იმ სულისკვეთებას, რომლის გამოც უსამართლობამ კლანჭებში მოგვიქცია და გამოგვამწყვდია ოთხ კედელს შორის.

დაიმახსოვრეთ, მათ მხოლოდ მატერიალური თავისუფლება შეგვიზღუდეს, რითაც ხელს უწყობენ ჩვენი სულიერი თავისუფლების განვითარებას, ამით ისინი აძლიერებენ ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულისკენ ლტოლვას.

თქვენი წერილები მივიღე. ყველა გულდასმით წავიკითხე. იმავე გრძნობით, როგორიც მათი წერის დროს გეუფლებოდათ. საოცარი ხალხი ხართ. ძალიან მალე თქვენ გვერდით ვიქნებით, იმ სიყვარულის დამსახურებით, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ერთიანობით და გამძლეობით ყველაფერს შევძლებთ. სანერვიულო არაფერი არაა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. ეს კი სხვა ყველაფერს წერტილს უსვამს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გულია მთავარი. ჩვენი მიზანია თავისუფლება, რომელსაც უძლეველი გულით ვატარებთ. 

ადამიანები, ვისაც ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია, ყველა ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშები ვართ. თითოეული ჩვენგანი, თითოეული წერტილი განსხვავებულია და თანაბრად მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სიცოცხლისთვის, რომელიც არსებობის ერთადერთი სწორი ფორმაა.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა, მაგრამ ვგრძნობ, პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ.

ჩვენ, მე და ლუკა ჯაბუა, რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ერთად ვართ, კარგად ვართ. ციხეში ვართ, მაგრამ მაინც სიმართლის მხარეს, როგორც ყველა ჩვენგანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მარადმწერი ისტორიის ნაწილი ვართ. 

გილოცავთ დამდეგ 2025 წელს.

"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ".

სრული სვლით თავისუფლებისკენ". - წერს მათე დევიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ლუკა ჯაბუას წერილი ციხიდან:

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველაფრისთვის, ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის...

მინდა გითხრათ, რომ წამით არ ვკარგავ შემართებას, თავი მაღლა მიჭირავს და იმაზე ძლიერი ბარ, როგორც არასდროს. 

წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს, თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. 

სულ ვამბობდი, რომ თუ სამშობლოს სიყვარულისთვის გარკვეული გადასახადი უნდა დამიწესონ, მზად ვარ, გადავიხადო...

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად გარეთ დგას და დგას სიმართლის მხარეს, ასევე იმათ, ვინც უკანონოდ გამოამწყვდიეს საკნებში. ვიცი, არაფრის გეშინიათ, არც მე მეშინია და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!

ახლა იმაზე ძლიერები და ერთიანები ვართ, როგორც არასდროს. მიყვარხართ და მეამაყებით ღირსეული ქვეყნის ღირსეულო შვილებო. როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, მათ წინააღმდეგ ვერასოდეს იზეიმებს უსამართლობა. 

ნაცრისფერი ხელისუფლება ცდილობს, ფერადი ბავშვები ნაცრისფრად შეღებოს, მაგრამ ჩვენ, ყოველდღიურად, ამ უსამართლობის ფერს, ფერადად ვანგრევთ. 

დედაჩემს სასამართლოზე ვუთხარი, რომ მის შვილს სიმართლისთვის სჯიდნენ და მადლობა დედას, რომ ის ამაყია და მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარული მასწავლა, რაც ყველაფრად ღირს.

ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სიმართლე და წინაპართა, გმირთა შეძახილები და ამ უდიდესი ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ ფასად!

ყოველდღიურად თვალს გადევნებთ და ვიგებ ამბებს, როგორც შესაძლებელია და ვურწმუნდები, რომ ყოველდღიურად მეტად ვიზრდებით სახელმწიფოებრივად, კულტურულად და ვერთიანდებით, რაც ყველა ქართველის უდიდესი ოცნება და მიზანია. 

ვერას დაგვაკლებს ითხი კედელი, ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომლებიც თავისუფლებაში დაიბადნენ, იციან მისი ფასი და ამას არაფრის დიდებით არ დათმობენ. ვამაყობ, რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი...

თეატრალურშიც იმიტომ ჩავაბარე, რომ ვიცი, უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი "სიტყვაა". და მინდა საკუთარი თავი მივუძღვნა ქვეყნისთვის, თუნდაც ერთი აგურის დადებას. ამ შემართებით და ამ მუხტით ვარ თქვენთან და თქვენს გვერდით. ეს ყველაფერი მხოლოდ მაძლიერებს და პირადად განცდილი უსამართლობის შემდეგ მეტად დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ დუმილი და თვალის დახუჭვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

მე პირადად შევიგრძენი და დავინახე, თუ როგორ ყარს და როგორ გამოიყურება უსამართლობა...

ნურაფერზე იდარდებთ მეგობრებო, სულით, ულით თქვენთან ვარ, ვარ მხნედ და ამატად. მალე შევხვდებით!

"მუხლებზე მდგომ სიცოცხლეს, ფეხზე დამდგარი სიკვდილი მირჩევნია". 

მიყვარხართ!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.

გავიმარჯვეთ სახელოვნად!

პ.ს. საერთო მოკითხვა მე და მათესგან: სხვა ყველაფერთან ერთად, ამ ამბებმა, გაგვაცნო ძალიან ბევრი მაგარი, პატრიოტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ჩვენი თანამებრძოლები და სულიერი მეგობრები. ამ შემთხვევაში, სხვა დანარჩენებთან ერთად, არის მათე დევიძე - უმაგრესი ადამიანი და პატრიოტი, რომელიც ახლა ჩემთან ერთად არის საკანში.

გვინდა ორივემ დიდი სიყვარულით მოგიკითხოთ თითოეული თქვენგანი და იცოდეთ, რომ თქვენ გვერდში ვართ გამარჯვებამდე! გვეამაყებით!". - წერს ლუკა ჯაბუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები