ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას დაიწყება.
წესით, მოლაპარაკებები 2 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოლაპარაკების ერთ-ერთმა მონაწილემ, კატარმა განაცხადა, რომ ის ჯერ არ დაწყებულა.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი 6 კვირით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, საარის თქმით, თუ მოლაპარაკებები შედეგიანი აღმოჩნდება, პირველი ეტაპის ვადები გახანგრძლივდება.
თუ მოლაპარაკების პირველი ეტაპი ტყვეების გაცვლას დაეთმო, ამ შემთხვევაში, მხარეებმა ომის შემდგომი ღაზის ადმინისტრირების საკითხი უნდა განიხილონ.
"ჩვენ არ შევეგუებით ჰამასის ან ნებისმიერი სხვა ტერორისტული ორგანიზაციის არსებობას ღაზაში" – ამბობს საარი.
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰამასმა ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესს შეაჩერებდა. ისრაელმა კი აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლების პროცესის გაჩერების შემთხვევაში, ისინი ღაზაზე თავდასხმებს განაახლებდნენ.
მუქარების მიუხედავად, 15 თებერვალს მძევალთა მეექვსე გაცვლის ფარგლებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
თავის მხრივ, 3 მძევლის სანაცვლოდ ისრაელი 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. მათი ნაწილი უკვე დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე იმყოფება.





