ეროვნული ბანკი

სებ-ი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა, თურნავას შეიძლება მძიმედ დაუჯდეს – გოცირიძე

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

პოლიტიკოსის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, სებ-მა ბანკი ქართუ შეგნებულად, ივანიშვილის დავალებით დააჯარიმა, "რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა".

"2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ბანკი ქართუ 64 ათასი ლარით და ეს ფაქტი მაშინვე გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ამავე წელს ეროვნულ ბანკს ქართუბანკი დაუჯარიმებია 200 ათასი ლარით და ამის შესახებ მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესიდან, რომელსაც ივანიშვილი უჩივის. ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა. ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეგნებულად დააჯარიმა მისივე ბანკი, რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ქართუმ ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი "პადსტავნოი"( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა.

ნათია თურნავამ, რომელიც დაჯარიმების ამ დოკუმენტით დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე წარსდგა, ისეთ სკანდალში ამოჰყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს. ეს არაა თუნდაც ფარცხალაძის შესახებ გამოცემული განკარგულება. ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, სამწუხაროდ, კანონიერად შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არარსებობის მაჩვენებელია, ქართუს მიზანმიმართული დაჯარიმება კი კრიმინალური აქტია, რომელიც ივანიშვილის მიერ ბაჩიაშვილისათვის ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების გამოძალვას ემსახურება.

მოსამართლეც ვერ ასცდება სასჯელს". - წერს გოცირიძე.

საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დახურულ პროცესზე 17 თებერვალს გამოიკითხა.

სხდომაზე თურნავამ განაცხადა, რომ "ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია".

ბაჩიაშვილის მტკიცებით, "არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა" და ივანიშვილს მხოლოდ სესხის სახით დახმარება სთხოვა, რომელიც შემდეგ გადაიხადა.

5 თებერვალს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დისტანციურად, დახურულ სხდომაზე მისცა. 

2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად." 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.

კომენტარები