შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ამის შესახებ სამინისტრო X-ზე წერს.
"შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულოს". - წერია განცხადებაში.
15 თებერვალს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და ჩერკესკში. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ არ გაიხსნება საარჩევნო უბანი თურქეთში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 134 000 ადამიანი.
მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის:
- ადგურ არძინბა – აფხაზური სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე, ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი;
- რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
- ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია მარიონეტული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
- ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
- ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე;
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელია, 2024 წლის მიწურულს თანამდებობა დატოვა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.