ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
დე ფაქტო არჩევნებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2025 წლის 15 თებერვალს, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
უკრაინა არ აღიარებს ყალბ "არჩევნებს" და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის სისტემურ მცდელობას ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრორუსულ სეპარატისტულ რეჟიმს.
[...] უკრაინა უცვლელად მხარს უჭერს და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის "დამოუკიდებლობას".
რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო რუსმა სამხედროებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ჩადენილი დანაშაულებებისთვის". – წერია უწყების განცხადებაში.
15 თებერვალს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და ჩერკესკში. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ არ გაიხსნება საარჩევნო უბანი თურქეთში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 134 000 ადამიანი.
მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის:
- ადგურ არძინბა – აფხაზური სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე, ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი;
- რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
- ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია მარიონეტული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
- ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
- ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე;
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელია, 2024 წლის მიწურულს თანამდებობა დატოვა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.