რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუბიოს თქმით, ტრამპს უკრაინაში ომის არა დროებით შეჩერება, არამედ მისი დამთავრება სურს

მარკო რუბიო
CNN.com

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე სურს შეთანხმების მიღწევა, არამედ ომის სრულად დამთავრებას ცდილობს

"ამჟამად მას ომის დამთავრება სურს. იგი მხოლოდ დროებით შეჩერებას არ ცდილობს. მას უნდა [ომის] დამთავრება და ეს რთული იქნება, და ეტაპობრივად მოხდება". - თქვა რუბიომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპმა იგივე გზავნილი რუსეთს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცა, ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, მან განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, ეტაპობრივად წარიმართოს.

"ამაზე შეთანხმება არ არის, მოლაპარაკებების ნაწილიც არ ყოფილა, მაგრამ უბრალოდ ვამბობ ამას - და შემდგომ დახმარების დერეფნების გახსნა და უზრუნველყოფა, რომ ორივე მხარე მიზანში არ იღებს ერთმანეთის ენერგოინფრასტრუქტურა. ასე რომ, ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ამასთანავე, რუბიოს აზრით, ტრამპი "ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია მსგავსი რამ შეძლოს, თუმცა ეს გლობალური ძალისხმევა უნდა იყოს". მისი თქმით, "ეს მხოლოდ ჩვენ, მხოლოდ ევროპა ან NATO არ არის. ვგულისხმობ, რომ მსოფლიოს ქვეყნებსაც მოუწევთ მონაწილეობის მიღება".

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით ევროპამ უნდა უზრუნველყოს:

"ეს ევროპელებზე იქნება, რომ მზადყოფნა გამოხატონ და პასუხისმგებლობა აიღონ ამისთვის - მაგრამ მრავალი სენსიტიური საკითხია, რაზეც სალაპარაკოა: ტერიტორიული პრეტენზიები, შეიარაღებაზე კონტროლი და მსგავსი ბუნების საკითხები, ენისა და კულტურული საკითხები, ამ ყველაფერზე სამუშაო გვექნება". - თქვა რუბიომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ "აშშ-ს უკრაინის გრძელვადიან დამოუკიდებლობაში ინტერესი ექნება".

12 თებერვალს პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი", რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასამთავრებლად?

თუმცა, ტრამპის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი განცხადებები არა წითელ ხაზებად, არამედ არსებული ვითარების რეალურ დახასიათებად უნდა აღიქმებოდეს.

მოგვიანებით ჰეგსეთმა გამოცემა Breitbart News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას ან NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისაღები იქნება.

ამავდროულად, უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონ კოლმა განაცხადა, რომ აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის NATO-ს პოტენციურ წევრობას ან მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლამდელ საზღვრებში დაბრუნებას.

"ამჟამად ეს მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება" - უპასუხა კოლმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას და დაამატა, რომ უკრაინის 2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნებაც მაგიდაზე რჩება.

ამასთანავე, კითხვაზე, უთმობს თუ არა აშშ წინასწარ პუტინს ზედმეტად ბევრს, კოლმა უპასუხა, რომ "ზოგიერთმა პირმა დაუფიქრებლად ისაუბრა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმეს ვთმობთ".

"პუტინთან და რუსებთან ეს არ იცი. ჩვენს გაცრუებას ცდილობენ? თუ გულწრფელები არიან? და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიხვალ და ყველაფერს სწრაფად იგებ". - დაამატა მან.

ხოლო გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 13 თებერვალს თქვა, რომ რომ აშშ მოსკოვს სანქციებითა და პოტენციური სამხედრო ქმედებით უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სამშვიდობო გარიგებაზე არ დათანხმდება, რომელიც კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

გამოცემის ცნობით, ვენსმა "მოლაპარაკების მაგიდაზე" დატოვა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილი ნებით არ გამართავს.

"არსებობს ეკონომიკური ინსტრუმენტები ბერკეტისთვის, და ცხადია, არსებობს სამხედრო ინსტრუმენტებიც", რომლებიც აშშ-ს შეუძლია, პუტინის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ამას გარდა, უკრაინასთან დაკავშირებით ვენსმა აღნიშნა, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა იმის თქმა, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ ან რა უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები უკრაინას. მისი თქმით, ასეთი დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს განხილული.

კომენტარები