რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ჰეგსეთი განმარტავს, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღი, NATO-ს წევრობა ტრამპის გადასაწყვეტია

პიტ ჰეგსეთი
Allison Robbert / AFP - Getty Images

გამოცემა Breitbart News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას, თუმცა მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისაღები იქნება.

"მე აქ არ ვარ, რათა გამოვაცხადო, რომ რაიმე მოლაპარაკებების მაგიდაზეა ან არ არის. ეს ჩემი საქმე არაა. ეს პრეზიდენტის საქმეა. ის არის ლიდერი, ის არის მთავარი მომლაპარაკებელი და გარიგებების დამდები". - თქვა ჰეგსეთმა.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "ზოგიერთი ჩვენგანი მუშაობს, რათა ხელი შევუწყოთ გარკვეული სახის პირობების დამყარებას, რათა შეთანხმება მეტად სავარაუდო იყოს და ამის გაკეთება ვცადე აქ NATO-ს კონტექსტში".

წინა კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში სამომავლო რუსული თავდასხმის წინააღმდეგ უსაფრთხოების გარანტიისთვის მოკავშირეებმა უკრაინას NATO-ს წევრობა ან ბირთვული შეიარაღება უნდა მისცენ.

12 თებერვალს პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი", რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასამთავრებლად?

თუმცა, ტრამპის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი განცხადებები არა წითელ ხაზებად, არამედ არსებული ვითარების რეალურ დახასიათებად უნდა აღიქმებოდეს.

"მე არ ვარ ის, ვინც წითელ ხაზებს აცხადებს ან - პირიქით. მე პრეზიდენტთან ერთად ვმუშაობ ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ლაპარაკში რეალობის შეტანა სასარგებლოა". - თქვა მან და დაამატა, რომ "საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ტრამპი იქნება ის, ვინც განსაზღვრავს არსებობს თუ არა საკმარისი სივრცე ნებისმიერ პოზიციასთან დაკავშირებით".

ჰეგსეთმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი განცხადებები არ ნიშნავს, რომ უკრაინა სამომავლოდ NATO-ში ვერ გაწევრიანდება:

"ვფიქრობ, რაც მე გუშინ მკაფიოდ ჩამოვაყალიბე, თეთრ სახლში უფროს ლიდერებთან და ოვალურ ოფისში პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, არის არსებული ვითარების რეალობა - რომ NATO-ს წევრობა ნაკლებად სავარაუდოა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვართ. არავინ საუბრობს დღეიდან 25-წლიან ან სხვა განსაზღვრულ დროის პერიოდზე". - დაამატა მან.

ჰეგსეთის თქმით, "ერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპზე უნდა იცოდე არის ის, რომ იგი ყოველთვის ძალის პოზიციიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს".

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკას უკრაინის მიმართ ინტერესი აქვს და ინვესტირებულია: "თქვენ ნახავთ საუბრებს, რომელიც ჩვენს ხაზინის მინისტრს, ვიცეპრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს ჰქონდა ზელენსკისთან და ვფიქრობ, ეს აჩვენებს ამერიკის ინვესტირებასა და ინტერესს უკრაინაში, რომელსაც სრულად სხვა დონის გარანტია აქვს გარდა იმისა, რომ "ჩვენ თქვენ მოგვწონხართ, ამიტომ მხარს დაგიჭერთ".

ამავდროულად, უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონ კოლმა განაცხადა, რომ აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის NATO-ს პოტენციურ წევრობას ან მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლამდელ საზღვრებში დაბრუნებას.

"ამჟამად ეს მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება" - უპასუხა კოლმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას და დაამატა, რომ უკრაინის 2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნებაც მაგიდაზე რჩება.

ამასთანავე, კითხვაზე, უთმობს თუ არა აშშ წინასწარ პუტინს ზედმეტად ბევრს, კოლმა უპასუხა, რომ "ზოგიერთმა პირმა დაუფიქრებლად ისაუბრა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმეს ვთმობთ".

"პუტინთან და რუსებთან ეს არ იცი. ჩვენს გაცრუებას ცდილობენ? თუ გულწრფელები არიან? და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიხვალ და ყველაფერს სწრაფად იგებ". - დაამატა მან.

კომენტარები