ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასის განცხადებით, ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას გეგმის მიხედვით განაახლებს

Cbc.ca

პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელელი მძევლების შემდეგ ჯგუფს გეგმის მიხედვით გაათავისუფლებს. ჰამასის განცხადება ნიშანია იმისა, რომ დასრულდა ცოტა ხნის წინ ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის დაწყებული დავა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მხარეებს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ დადებულ შეთანხმებას. 

ჰამასის განცხადებით, ეგვიპტელმა და კატარელმა შუამავლებმა დაადასტურეს, რომ ისინი "ყველა დაბრკოლების მოსახსნელად" იმუშავებენ, ხოლო თავად ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას გააგრძელებს. 

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შაბათს, 15 თებერვალს ტყვეობიდან კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება. 

ჰამასის თქმით, მისმა დელეგაციამ კაიროში ეგვიპტელ მაღალჩინოსნებთან ერთად მოლაპარაკებები გამართა და კონტაქტი ჰქონდა კატარის პრემიერმინისტრთანაც თავშესაფრების, სამედიცინო მარაგების, საწვავისა და ნანგრევებისგან გამწმენდი მძიმე ტექნიკით ღაზის მომარაგების გაზრდის შესახებ. 

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია Qahera, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებთანაა დაახლოებული, იტყობინება, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის დავის გადაწყვეტაში როლი ეგვიპტემ და კატარმა ითამაშეს. 

ცნობისთვის, 2 დღის წინ, 11 თებერვალ ჰამასმა განაცხადა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება დროებით შეაჩერა. ტერორისტული ორგანიზაცია მიზეზად ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ასახელებდა. 

ჰამასის სამხედრო ფრთის პრესსპიკერის, აბუ უბაიდას თქმით, ისრაელის მხრიდან შეთანხმების დარღვევა გამოიხატებოდა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების დაგვიანებით, პალესტინელების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისა და სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის დაბლოკვის შემთხვევებით. დაჯგუფება ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვასა და "გასულ კვირებში გამოვლენილი დარღვევების ანაზღაურებას" ითხოვდა. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ამბობდა, რომ ჰამასის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევდა, რის გამოც მან არმიას უმაღლეს დონეზე მზაობა დაავალა როგორც ღაზაში, ისე საშინაო თავდაცვისთვის. 

ჰამასის მოულოდნელი გადაწყვეტილების საპასუხოდ, ისრაელმა, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, განაცხადა, რომ ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაახლებდა, თუ ტერორისტები მძევლებს არ გაათავისუფლებდნენ. 

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ძალაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 19 იანვარს შევიდა, ჰამასმა ამ დროისთვის ისრაელს 21 მძევალი გადასცა, მათ შორის, 16 ისრაელელი, ხოლო 5 - ტაილანდელი. სანაცვლოდ, ისრაელმა 700-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. 

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33-დან 25 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს (მათგან 8 ტყვეობაში გარდაიცვალა), მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს. 

კომენტარები