აშშ-რუსეთი

პესკოვის თქმით, ინფორმაცია არ აქვს ცნობების შესახებ, რომ ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვშია

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მას მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების შესახებ, რომ მოსკოვში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, ინფორმაცია არ აქვს. პესკოვის თქმით, უიტკოფთან შეხვედრა კრემლის დღის წესრიგში არ არის. 

"არა, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. [სტივ უიტკოფთან] კონტაქტი დაგეგმილი არ არის". - უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტს შეკითხვაზე უიტკოფის ვიზიტის დაუდასტურებელი ცნობების შესახებ. 

პესკოვმა ასევე უარყო, რომ უკრაინის საკითხზე რაიმე სახის დისკუსია გაიმართა ან იგეგმება. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ 11 თებერვლის დილით Gulfstream G650ER თვითმფრინავი ვაშინგტონიდან მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. წყაროებმა თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დაუკავშირეს, თუმცა ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გაუვრცელებიათ. 

პარალელურად, რუსეთის ავიახაზების ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანო როსავიაციამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა TACC-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი მართლაც ვაშინგტონიდან ჩამოვიდა, თუმცა აღწერა ის, როგორც "ერთჯერადი ტექნიკური რეისი, რომელიც ჰუმანიტარული თანამშრომლობის პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილია". 

კომენტარები