ევროკავშირი-რუსეთი

FT: EU-ში, ომის დასრულების შემთხვევაში, რუსული გაზის იმპორტირების განახლებაზე საუბრობენ

marketresearchtelecast.com

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები განიხილავენ, უნდა განახლდეს თუ არა რუსული გაზსადენებით ბუნებრივი აირის ევროკავშირისთვის მიწოდება, თუ მოსკოვი და კიევი ომის დასრულების შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ FT-სთან ისაუბრეს ანონიმურმა წყაროებმა, რომელთაც საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნიათ.

რუსული გაზის შესყიდვის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროპაში ენერგობაზარზე არსებულ მაღალ ფასებს დაწევენ, რუსეთს მისცემენ მოტივაციას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ორივე მხარეს მისცემენ მიზეზს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულონ.

თუმცა რუსული გაზის ხელახლა შესყიდვაზე საუბრებმა უკვე გამოიწვია უკურეაქცია ევროკავშირში უკრაინის უახლოესი მოკავშირეების მხრიდან.

FT-ს სამი მაღალჩინოსანი წყარო ამბობს, რომ იდეის ავტორები გერმანელი და უნგრელი მაღალჩინოსნები არიან და მათ მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ეს ენერგოფასების შემცირების გზად მიაჩნიათ. 

"ენერგიის ფასებზე ზოგიერთი დიდი წევრი ქვეყნის მხრიდან ზეწოლაა და ეს მათი (ფასების) დაწევის ერთ-ერთი გზაა, რა თქმა უნდა." - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

გაზის მიწოდების აღდგენა რუსეთის შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. სრულმასშტაბიან ომამდე ევროკავშირის სრული გაზმომარაგების 40% რუსეთიდან მოდიოდა, უდიდესი იმპორტიორი გერმანია იყო. 

"ეს სიგიჟეა, რამდენად სულელები უნდა ვიყოთ, რომ ეს საერთოდ ერთ-ერთ გზად განვიხილოთ?" - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წყარომ. 

ორი წყარო ასევე ამბობს, რომ რუსული ბუნებრივი აირის ხელახლა იმპორტირების საკითხზე საუბარი აშფოთებთ თხევადი გაზის ექსპორტიორ ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ მსგავსი შემთხვევა მათ პროდუქტს არაკონკურენტუნარიანს გახდის.

აქამდე ევროკავშირმა მიზნად დაისახა, რომ ბლოკის ენერგოსისტემა 2027 წლისთვის რუსული წიაღისეული საწვავისგან სრულიად დამოუკიდებელი იყოს. 

2024 წელს გაზსადენებით მიწოდებულმა ბუნებრივმა აირმა ევროკავშრის ენერგომომარაგების 10% შეადგინა, თუმცა ეს რაოდენობა განახევრდა მაშ შემდეგ, რაც იანვარში უკრაინის გავლით ევროკავშირში გაზის შეტანის ნებართვა ამოიწურა.

ამჟამად ევროკავშირში, უნგრეთში, რუსული გაზი TurkStream-ის მილსადენის გავლით შედის. ბუდაპეშტი და სლოვაკეთის პრორუსული ხელისუფლება ევროკავშირში ლობირებენ, რომ უკრაინაზე ზეწოლან გაზარდონ, რათა კიევმა საკუთარი ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის უფლება განაახლოს.

 

კომენტარები