საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხე წარმოადგენს და ამის წინააღმდეგ ერთადერთი გზა თავდაცვის ხარჯების გაზრდაა.
"რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებით საფრთხეს წარმოადგენს დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვაზე იმაზე ნაკლების დახარჯვას, ვიდრე საჭიროა.
ამბობენ, რომ "რუსეთის მიმართ ქორი" ვარ. მე კი ვფიქრობ, რომ რუსეთის შესახებ უბრალოდ რეალისტური ვარ". - თქვა კალასმა. [ე.წ. "ქორი" ამ შემთხვევაში ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეს ნიშნავს]
ამასთან, კალასის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრები თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ.
დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ აღნიშნა, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დახარჯონ – რაც დღეს მოქმედი მშპ-ს 2%-ის ხარჯვიდან მნიშვნელოვანი ზრდა იქნება.
"დრო რუსეთის მხარეს არ არის, თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჩვენს მხარესაა. რადგან ჩვენ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ საკმარისს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ეჭვები იმის შესახებ, რომ ომის თავიდან ასაცილებლად მეტის დახარჯვაა საჭირო, თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ ომისთვის". - დაამატა კალასმა.





