წყალქვეშა კაბელების დაზიანება ბალტიის ზღვაში

ფინეთში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს, გემმა წყალქვეშა კაბელი დააზიანა

ნავთობის გადამზიდი ტანკერი, Eagle S
ფინეთის სასაზღვრო პოლიცია via Yle.fi

ფინეთში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააკავეს. მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა. 

ფინეთის სასაზღვრო პოლიციამ ტანკერი Eagle S პორკალა-უდის ნახევარკუნძულის სანაპიროზე, ფინეთის ტერიტორიულ წყლებზე დააკავა და ადგილზე სამი კილომეტრის ზომის არასაფრენი ზონა გამოაცხადა. 

ფინეთის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, Eagle S-ს ღუზები არ ჰქონდა. მაღალჩინოსნების თქმით, წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით, დასაშვებია, რომ ელექტროსადენის დაზიანება გემის ღუზამ გამოიწვია. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა. 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd's List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს. 

Yle განმარტავს, რომ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად აშშ- მთავრობის მიერ განსაზღვრულ შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ. 

მანამდე, ფინეთის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ბალტიის ზღვაში ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენი დაზიანდა. 

ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერაციების ხელმძღვანელის ცნობით, EstLink 2 კაბელზე, რომელიც ფინეთიდან ესტონეთში ელექტროენერგიას აწვდიდა, დენის მიწოდება 25 დეკემბერს  ადგილობრივი დროით 12:26 საათზე შეწყდა.

ელექტროგადამცემი ქსელის მმართველი კომპანიის, Fingrid-ის ხელმძღვანელმა, Yle-ს განუცხადა, რომ ტერორიზმის ან ვანდალიზმის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. 

გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, შვედეთი იძიებს ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში Yi Peng 3-ის შესაძლო ბრალეულობას.

ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ინციდენტების უმეტესობა, სავარაუდოდ, უკავშირდება რუსეთის დივერსიულ საქმიანობას. კრემლმა ბრალდებებს  "სასაცილო" უწოდა. ცნობისთვის, ბალტიის ზღვის რეგიონში დაძაბულობა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა.

Arelion-ის კაბელი, რომელიც შვედეთის კუნძულ გოტლანდს ლიტვასთან აკავშირებს, 17 ნოემბრის დილით დაზიანდა, ხოლო C-Lion 1-ის კაბელი, რომელიც ჰელსინკსა და გერმანიის პორტ როსტოკს აკავშირებს, 18 ნოემბერს შვედეთის კუნძულ ოლანდის სამხრეთით დაზიანდა.

კომენტარები