აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ აშშ საგარეო დახმარებაზე უარს არ ამბობს, არამედ მხოლოდ "სულელურ" პროგრამებს შეაჩერებს.
ამის შესახებ რუბიომ ინტერვიუში ილაპარაკა.
"ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ, ჩვენ უარს ვამბობთ საგარეო დახმარებაზე, რომელიც სულელურია, რომელიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულს ფლანგავს. მათ უბრალოდ არ გავაგრძელებთ". - თქვა რუბიომ.
რუბიო განმარტავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები USAID-თან მიმართებით აშშ-ს "რბილ ძალას" არ ემუქრება და პროგრამების გადახედვის შემდგომ რიგი საგარეო დახმარების პროგრამები გაგრძელდება, თუმცა იქნება პროგრამები, რომლებსაც გააუქმებენ. მისივე თქმით, პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაცია აშშ-ს ეროვნულ და საგარეო ინტერესებს გაითვალისწინებს.
"ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ. ჩართულები ვიქნებით საგარეო დახმარებაში. მჯერა, რომ სწორად შესრულებული საგარეო დახმარება ქვეყნისთვის კარგია, მაგრამ სწორად უნდა იყოს შესრულებული. აბსურდულია ის აზრი, რომ რაღაცნაირად საგარეო დახმარებაზე 40-იდან 60-მდე მილიარდ დოლარს ვხარჯავთ და მთელი ეს ფული კარგად იხარჯება ან იხარჯება ისეთ რაღაცებზე, რაც აზრიანია. ძალიან ბევრია, რომელიც ასეთი არ არის. ასე რომ, მიზანი ძალიან მარტივია: ჩამოვუყვეეთ ჩვენს ყველა საგარეო დახმარებას - მათგან ბევრი USAID-ით ხდება, ზოგი სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით, გამოვყოთ საგარეო დახმარება, რომელიც აზრიანია, საგარეო დახმარება, რომელიც რეალურად ეხმარება ჩვენს ქვეყანას და ეხმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ის გავაგრძელოთ; შემდგომ კი მოვიცილოთ ისეთები, რომლებიც ფულის ფლანგვაა ან ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს საგარეო, ჩვენს ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება და ჩვენს ინტერესებს მსოფლიოს გარშემო. ახლა ამას ვაკეთებთ". - თქვა რუბიომ.
რუბიო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებსაც შეეხო და ყურადღება დაუთმო PEPFAR-ის (პრეზიდენტის საგანგებო პროგრამა შიდსის დახმარებისთვის) განხილვას. მისი თქმით, ამ პროგრამის მხარდამჭერია და ადმინისტრაციას მისი გაგრძელება სურს, მაგრამ "მის შესახებ კითხვები ექნება", რადგან თუ პროგრამა ეფექტურია, დროთა განმავლობაში შემცირდებოდა და არ გაიზრდებოდა.
სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ ჰუმანიტარული დახმარების რიგ პროგრამებს გააგრძელებენ და მხარს უჭერენ, თუმცა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების განმარტება ზედმეტად გაფართოვდა.
"ხალხი შიმშილით დაიხოცება, შიმშილობისკენ მივდივართ? ქვეყნის დესტაბილიზაცია მოხდება ისე, რომ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უარყოფითი იქნება და რადიკალ ჯიჰადისტებსა და სხვებს კარს გაუხსნის სიტუაციით სასარგებლოდ? ამათ გაგრძელებას ვაპირებთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჰუმანიტარულის განმარტება ამას გასცდა და მოიცვა მრავალი სხვაგვარი რაღაც, რაც აზრიანი არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი აზრებია. ვიღაცამ უნდა გააკეთოს, უბრალოდ ეს არ უნდა იყოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელი.
ასე რომ, ასეთი რაღაცები არის ის, რასაც მივყვებით და განვსაზღვრავთ. სხვათა შორის, გამონაკლისი გამოვაცხადეთ, რომელიც ამ სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო პროგრამების გაგრძელების საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის - ნებისმიერი დროს, როცა პაუზა და გარკვეული ??? გაქვს იმაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს გადახდის პროგრამები, მაგრამ ეს ყველაფერი აქ ძალიან მალე მოგვარდება და ეს პროგრამები გაგრძელდება". - თქვა რუბიომ,
რუბიომ აღნიშნა, რომ ის პროგრამები, რომელთა გაგრძელებასაც აშშ-ს ადმინისტრაცია არ აპირებს, აუცილებლად უარყოფითი არ არის, თუმცა ეს აქტივობები აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფულით არ უნდა კეთდებოდეს.
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.
-
"USAID-ს შეშლილი რადიკალები მართავდნენ" – რას ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია?
-
რა პროგრამებს მოიცავს USAID-ის დახმარება, რომლის "კიდევ დიდი ხნით გაჩერება" სურს კობახიძეს
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.
ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.
სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".