ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ში Google Maps-ზე მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვა, ის ახლა ამერიკის ყურედაა მოხსენიებული

Screenshot/CNN

ამერიკელი მომხმარებლებისთვის აპლიკაცია Google Maps-ში მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვა და ამჟამად ამერიკის ყურედაა მოხსენიებული

Google-ის ცნობით, ის ადამიანები, რომლებიც აპლიკაციას აშშ-ში მოიხმარენ, დაინახავენ წარწერას "ამერიკის ყურე", ხოლო აშშ-ს გარეთ მყოფი ნებისმიერი მომხმარებელი შესაბამის ლოკაციაზე ყურის ორივე  დასახელებას დაინახავს. 

სახელის ცვლილება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას უკავშირდება, რომელსაც მან ხელი პრეზიდენტობის პირველივე დღეს, 20 იანვარს მოაწერა. 

9 თებერვალს კი თვითმფრინავში Air Force One ტრამპმა მექსიკის ყურის ამერიკის ყურედ ოფიციალურად გამოცხადების პროკლამაციას მოაწერა ხელი და 9 თებერვალი "ამერიკის ყურის დღედ" გამოაცხადა. 

Google-ს აქამდე უთქვამს, რომ მას "[გეოგრაფიული ობიექტების] სახელების ცვლილებები დიდი ხნის პრაქტიკა აქვს, როდესაც სახელებს სამთავრობო წყაროებში განაახლებენ". 

ცნობისთვის, ტრამპის 20 იანვრის აღმასრულებელი ბრძანებით სახელი შეეცვალა აშშ-ს უმაღლესი მწვერვალს, დენალის მთას. ტრამპის გადაწყვეტილებით, მწვერვალს ძველი სახელწოდება დაუბრუნდება და კვლავ მაკკინლის მთა ერქმევა. 

2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ალასკაში მდებარე მაკკინლის მთას გადაარქვა სახელი და მას დენალი დაარქვა, რითიც მას ადგილობრივი მცხოვრებლები მოიხსენიებდნენ და ადგილობრივ ენაზე ითარგმნება როგორც "მაღალი". პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის სახელი მთას ოფიციალურად 1917 წელს, პრეზიდენტ მაკკინლის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ მიენიჭა. 

Google Maps-ს მთის სახელწოდება ჯერჯერობით არ განუახლებია. 

კომენტარები