ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპის გეგმა ღაზის მფლობელობაზე ისრაელისთვის "გაცილებით უკეთესია"

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, 4 თებერვალი, 2025
Anna Moneymaker/Getty Images

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპის შეთავაზებული გეგმა აშშ-ს მხრიდან ღაზის სექტორის "მფლობელობის" შესახებ "რევოლუციური" და "შემოქმედებითია" და ისრაელისთვის ალტერნატივებთან შედარებით გაცილებით უკეთესია. 

ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა "ისტორიულ ვიზიტად" მოიხსენია და თქვა, რომ ვიზიტის დროს ჰქონდათ "საოცარი მიღწევები, რომლებსაც ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თაობათა განმავლობაში შეუძლიათ". მანვე დაამატა, რომ ვითარების შეფასებას "არ აზვიადებს".

"არსებობს შესაძლებლობები ისეთი ვარიანტებისთვის, რომლებზე, მგონი, არც კი გვიოცნებია - ან, ყოველ შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე თვემდე შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ისინი შესაძლებელია". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისრაელს მოუწოდებდნენ, რომ ომის შემდგომ ღაზის სექტორის მმართველობა პალესტინის ადმინისტრაციას (PA) უნდა დაკისრებოდა, თუმცა, მისი თქმით, ტრამპმა ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა, რომელიც ისრაელისთვის "გაცილებით უკეთესია". 

"ტრამპმა სრულიად განსხვავებული, ისრაელის სახელმწიფოსთვის გაცილებით უკეთესი ხედვა მოიფიქრა - რევოლუციური, შემოქმედებითი მიდგომა, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ. მას მიზნად აქვს დასახული, რომ ის შეასრულოს და მჯერა, რომ ეს მრავალ, მრავალ შესაძლებლობას გვიხსნის ჩვენ". - თქვა ნეთანიაჰმუმ.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ დაამატა, რომ ტრამპს პალესტინის ტერიტორიის მომავლის გადაწყვეტის საკითხისადმი "სწორი მიდგომა" აქვს. 

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპის შემოთავაზება წლების განმავლობაში პირველი ახალი იდეაა და პოტენციალი აქვს, რომ ღაზაში ყველაფერი შეცვალოს. [...] ტრამპი მხოლოდ ამას ამბობს - "მინდა კარიბჭეები გავხსნა და საშუალება მივცე, დროებით გადასახლდნენ, სანამ ადგილს ფიზიკურად ხელახლა ავაშენებთ". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, ტრამპს არასდროს უთქვამს, რომ სურს, "საქმე ამერიკელმა ჯარისკაცებმა გააკეთონ", ისრაელი კი მზად არის, რომ ეს საკუთარ თავზე აიღოს. 

"იცით რა? ჩვენ ვიზამთ ამას". - თქვა ნეთანიაჰუმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

ტრამპის ამ მეტად თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. 

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.

"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები, სახლებში და უსაფრთხოდ, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ღაზის სექტორში ისრაელს სამი მიზანი აქვს: "ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის გამოშვების გარანტირება და უზრუნველყოფა იმის, რომ ისრაელისთვის ღაზა ვეღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს". - თქვა მან.

ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ტრამპს ღაზის საკითხი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. "ის [ტრამპი] განსხვავებულ მომავალს ხედავს ამ მიწისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმის კერა იყო, ამდენი გამოცდისა და ტანჯვის კერა. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ის თავის ხალხთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, ამას ისტორიის შეცვლა შეუძლია და ღირს, ამ გზას მივყვეთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.

კომენტარები