ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ოცნების მიერ დაინიცირებულ "FARA-ს ასლ" კანონში "სიტყვა-სიტყვით" გადმოიტანენ აშშ-ს კანონმდებლობიდან და თუ ვინმეს ექნება კითხვა, შეუძლია "აშშ-ს ან მის საელჩოს მიმართოს" განმარტებისთვის.
"რაც შეეხება FARA-ს, ვნახეთ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეეცადნენ, შეექნათ ბუნდოვანი გარემო, მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ გამჭვირვალობის იდეის დისკრედიტაცია მოეხდინათ. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, "აგერ არის აშშ, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს, აგერ არის აშშ-ს კანონმდებლობა FARA-სთან დაკავშირებით - ავიღებთ სიტყვა-სიტყვით, გადმოვიტანთ საქართველოში", თუკი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ა.შ". - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ისაუბრა მედიის კანონზე, რომელსაც FARA-ს იდენტურ კანონთან ერთად დააინიცირებენ. ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ფეიქ ნიუსები არის "გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც უნდა ვებრძოლოთ".
პაპუაშვილის მტკიცებით, "ახალს არაფერს იგონებენ", აიღებენ ბრიტანულ სტანდარტს და კითხვების ან კრიტიკის შემთხვევაში, შეგვიძლია, მივმართოთ "დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში".
რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც ვნახეთ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ს ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, თანხები იხარჯებოდა ორგანიზაციებში, მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა.
ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. ფეიკ ნიუსებს თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოშიც ხშირად ვხედავთ, ეს არის გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც უნდა ვებრძოლოთ. აქაც, ჩვენ ახალს არაფერს გამოვიგონებთ, ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებულია მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ, რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან? მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რამე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ, გააკრიტიკოთ დიდი ბრიტანეთი ან მისი საელჩო". - ამბობს პაპუაშვილი.
ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მიერ 5 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, მომავალი 2 თვის განმავლობაში რეჟიმი კანონმდებლობაში ახალ ცვლილებებს დააინიცირებს. მათ შორის:
- დაინიცირდება მედიის კანონი ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
- დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.