ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომავალი 2 თვის განმავლობაში რეჟიმი კანონმდებლობაში ახალ ცვლილებებს დააინიცირებს.
მდინარაძის განცხადებით
- ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. "ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაიური დამოკიდებულება არ იქნება" - აღნიშნა მან.
- გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.
- გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა.
- აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას.
- გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. მათი დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლება-მოსილებად.
- შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე, აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება, ეს იქნება პირაპირი თუ ირიბი სახელფასო დანამატი, ტრეინინგის დაფინანსება და ა.შ.
- დაინიცირდება მედიის კანონი ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
- დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.
- პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.
- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, "უზრუნველყოთ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში", შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან.
დღეს, ივანიშვილის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს, ასევე ცვლილებები ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც.
ასევე, ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.