5 თებერვალს საუდის არაბეთმა გაიმეორა, რომ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაცია არ მოხდება, თუ ორი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში პალესტინური სახელმწიფო არ შეიქმნება. მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთისთვის პალესტინური სახელმწიფოს შექმნა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევ წინაპირობას არ წარმოადგენდა.
ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება". ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუდის არაბეთი უარყოფს ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების ნებისმიერ მცდელობას. ამასთანავე, საუდის არაბეთის თქმით, პალესტინელების მიმართ მათი პოზიცია მოლაპარაკებების საგანი არ არის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ეს პოზიცია სექტემბერშიც გაიმეორა, როდესაც თქვა, რომ ამ მთავარი პირობის დაკმაყოფილების გარეშე რიადი ისრაელთან კავშირებს არ დაამყარებდა.
25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.