ნიგერიაში, კანოს შტატში ხუთ მამაკაცს სიკვდილი მიუსაჯეს 2023 წელს ქალის მკვლელობისთვის, რომელსაც ისინი ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ.
მსჯავრდებულები 67 წლის დაჰარე აბუბაქარს საკუთარ ფერმაში მუშაობის დროს დაესხნენ თავს, სცემეს და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.
როგორც ნიგერიის სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, ქალი მამაკაცებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მათგან ერთ-ერთის, აბდულაზიზ იაჰაიას დაავადებულ ცოლს დაესიზმრა, რომ ქალბატონი აბუბაქარი მას დანით მისდევდა.
იაჰაიამ ცოლის სიზმრის მოსმენის შემდეგ სხვა მამაკაცები შეკრიბა, რომლებიც შემდგომ 67 წლის ქალს ჯგუფურად დაესხნენ თავს.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიგერიის სოფლებში ადამიანებს ჯადოქრობის ბრალდებით კლავენ.
"ყოფილა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ხუთამდე ადამიანს, რომლებსაც სიკვდილი მიუსაჯეს ადამიანის მკვლელობის გამო, რომელსაც ჯადოქრობაში არასწორად ადანაშაულებდნენ" - თქვა საქმის პროკურორმა აბას სორონდიკიმ.
ნიგერიაში, როგორც გამოცემა BBC წერს, მათ, ვინც ადამიანებს ჯადოქრობაში უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ, სჯერათ, რომ ეს ადამიანები მათი ოჯახის წევრის ავადმყოფობასა თუ გარდაცვალებაზე არიან პასუხისმგებლები.





