რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

WP: უკრაინა მზადაა, აშშ-ს დახმარების სანაცვლოდ წიაღისეულზე წვდომის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინა მზადაა, აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეული გადასცეს. 

როგორც წერს გამოცემა, უკრაინელი ოფიციალური პირის ანონიმური განცხადების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია "ერთობლივ შეთანხმებებზე ხელმოსაწერად" მზად არის.  მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ს სტრატეგიული ინტერესის არსებობა ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები. მეტიც, ეს შეთავაზება ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ნაწილიცაა, რომელიც გასულ წელს დასავლელ ლიდერებს, მათ შორის, ტრამპსაც წარედგინა. 

ამასთან, გასული წლის 14 დეკემბერს New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ორჯერ გადადო ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ამერიკულ სამხედრო დახმარებაში უკრაინული ბუნებრივი რესურსების გაცვლის შესახებ. ამის მიზეზი სავარაუდოდ იყო უკრაინული მხარის მცდელობა, მიეცა დონალდ ტრამპისთვის შესაძლებლობა, შეთანხმების დადება საკუთარ მიღწევად გამოეცხადებინა.

"უკრაინა გეგმავდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების გაფორმებას წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ორჯერ გადადო შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რაც ორივე მხარის ოფიციალური პირების თქმით, არის სიგნალი იმისა, რომ კიევი შესაძლოა, ელოდებოდა ბატონ ტრამპს, პრეზიდენტის ოფისში წარედგინა გარიგება, როგორც მისი ადმინისტრაციის ადრეული გამარჯვება". - წერია New York Times-ის სტატიაში.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს.

როგორც გამოცემა Bloomberg წერს, უკრაინას იშვიათი წიაღისეულის რაიმე მნიშვნელოვანი რეზერვები არ გააჩნია, თუმცა ქვეყანას ნამდვილად აქვს ურანისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ტიტანის, ლითიუმისა და გრაფიტის რეზერვები. კიევის გამოთვლებით, მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარსაც კი შეიძლება შეადგენდეს. 

ტრამპის მიერ უკრაინისთვის იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ დახმარების გაგრძელების ინიციატივას კრემლიც გამოეხმაურა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ეს დახმარების ყიდვის შეთავაზებაა:

"თუ საკითხებს თავის სახელებს ვუწოდებთ – ეს დახმარების ყიდვის შეთავაზებაა. ანუ, ეს არ არის დახმარების უსასყიდლოდ ან სხვა საფუძველზე გაგრძელების შეთავაზება, არამედ ზუსტად კომერციულ საფუძველზე მისი უზრუნველყოფის შეთავაზებაა". - თქვა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ვაშინგტონი საერთოდ არ დახმარებოდა კიევს და ამით ხელი შეეწყო კონფლიქტის დასრულებისთვის.

კომენტარები