კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, ტრამპის მიერ უკრაინისთვის იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ დახმარების გაგრძელების ინიციატივა აშშ-ს მხრიდან კომერციულ შეთავაზებაა. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"თუ საკითხებს თავის სახელებს ვუწოდებთ – ეს დახმარების ყიდვის შეთავაზებაა. ანუ, ეს არ არის დახმარების უსასყიდლოდ ან სხვა საფუძველზე გაგრძელების შეთავაზება, არამედ ზუსტად კომერციულ საფუძველზე მისი უზრუნველყოფის შეთავაზებაა". - თქვა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ვაშინგტონი საერთოდ არ დახმარებოდა კიევს და ამით ხელი შეეწყო კონფლიქტის დასრულებისთვის.
"ამის მიუხედავად, აშშ კვლავ განაგრძობს კიევისთვის იარაღის მიწოდებას და ამის შეჩერების შესახებ განცხადება არავის გაუვრცელებია". - დაამატა პესკოვმა.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაცია სურს, უკრაინამ და აშშ-მ შეთანხმებას მიაღწიონ, რომლითაც უკრაინა აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათ წიაღისეულს გადასცემს.
"ჩვენ გვსურს უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ისინი შეინარჩუნებენ, რასაც ჩვენ ვაძლევთ იშვიათი წიაღისეულისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ. ჩვენ გვსურს გარანტია. ჩვენ მათ ფულს ძალიან სწრაფად ვაძლევთ". - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც გამოცემა Bloomberg წერს, უკრაინას იშვიათი წიაღისეულის რაიმე მნიშვნელოვანი რეზერვები არ გააჩნია, თუმცა ქვეყანას ნამდვილად აქვს ურანისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის, ტიტანის, ლითიუმისა და გრაფიტის რეზერვები. კიევის გამოთვლებით, მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარსაც კი შეიძლება შეადგენდეს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები. მეტიც, ეს შეთავაზება ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" ნაწილიცაა, რომელიც გასულ წელს დასავლელ ლიდერებს, მათ შორის, ტრამპსაც წარედგინა.





