აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ 30 დღით აჩერებს კანადისთვის ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას.
ტრამპმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ტრუდომ მას საზღვრის უსაფრთხოების დაცვისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის გარანტიები მისცა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საწყისი შედეგით. ტარიფები, რომლებიც შაბათს იქნა გამოცხადებული, 30 დღით იქნება შეჩერებული, რათა გამოჩნდეს, შესაძლებელია თუ არა საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების ჩამოყალიბება კანადასთან". - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, კანადის ეს ნაბიჯი საბოლოოდ დაასრულებს ისეთი მომაკვდინებელი ნარკოტიკების ქვეყანაში შემოდინებას, როგორიც ფენტალინია, რომელსაც ასობით ათასი ამერიკელის სიცოცხლე ეწირება.
სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა კანადის პრემიერმინისტრიც.
"ახლახან მქონდა კარგი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. კანადა სისრულეში მოიყვანს ჩვენ 1.3 მილიარდი დოლარის სასაზღვრო გეგმას, რათა გააძლიეროს საზღვარი ახალი ტექნოლოგიებითა და პერსონალით და ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან გამართული კოორდინაციითა და გაზრდილი რესურსებით შეაჩეროს ფენტალინის ნაკადი". - დაწერა ჯასტინ ტრუდომ პლატფორმა X-ზე.
ტრუდოს თქმით, დაახლოებით 10 000 თანამშრომელი მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას საზღვრის დასაცავად.
პრემიერმინისტრის განცხადებით, კანადა ასევე იღებს ვალდებულებას დანიშნოს ფენტალინის ცარი, გამოაცხადოს კარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად და უზრუნველყოს საზღვრის 24-საათიანი კონტროლი. ტრუდოს თქმით, აშშ და კანადა მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას ორგანიზებული დანაშაულის, ფენტალინის გადაზიდვისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ხელი მოვაწერე ახალ სადაზვერვო დირექტივას ფენტალინისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, რისთვისაც 200 მილიონ დოლარს გამოვყოფთ". - დაწერა კანადის პრემიერმინისტრმა X-ზე.
თეთრ სახლში 31 იანვარს დაადასტურეს, რომ 1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებდა, რასაც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასებზე ვარდნა მოჰყვა. თუმცა, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები ტრამპმა მას შემდეგ გადადო, რაც იგი მექსიკის პრეზიდენტს კლაუდია შაინბაუმსა და კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა.
ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ამის მიზეზი, ტრამპის თქმით, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის აღმოუფხვრელი პრობლემაა. აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ არასაკმარის ძალისხმევას დებენ პრობლემის გადაჭრაში.
ამას გარდა, 30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა. მან ტარიფებით მუქარის ხერხს მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
- კოლუმბიამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი სამხედრო თვითმფრინავი არ მიიღო
-
ტრამპმა კოლუმბიას ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა მიგრანტების მიღებაზე დავის გამო
პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.