"შესაშინებელი და დასამალი, ცხადია არაფერი არ გვაქვს" - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის თქმით, ივანიშილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას 5 თებერვალს დისტანციურად მისცემს. ადვოკატი ამბობს, რომ დისტანციური დაკითხვის შუამდგომლობა უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.
"ჩვენს განცხადებას, რითიც მივმართეთ სასამართლოს, ჰქონდა ობიექტური მიზეზი. ყველსთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ საჯარო გამოსვლებზე, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დროს, გამოიყენებოდა უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები. სასამართლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, [...] კანონმდებლობა გვაძლევს დისტანციური დაკითხვის შესაძლებლობას.
შესაშინებელი და დასამალი, ცხადია, არაფერი არ გვაქვს" - თქვა წიქვაძემ.
ე.წ. ბიტკოინების საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეზე დასაკითხ პირთა სიას დაემატა ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც.
2023 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის (იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების) ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგიბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ
- ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს
საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.
2025 წლის 23 იანვარს, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, "ივანიშვილმა გასულ შემოდგომას სისხლის სამართლებრივი მუქარის ქვეშ 5 000 ბიტკოინის გადახდა მოსთხოვა ყოველთვიურად."
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა და დისკონტის სახით კონკრეტული რაოდენობის ბიტკოინების გადახდა შესთავაზა.





