არაბულმა ქვეყნებმა უარყვეს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ღაზის სექტორიდან პალესტინელთა მეზობელ ქვეყნებში - ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.
ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, პალესტინის ხელისუფლებამ და არაბული ქვეყნების ლიგამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი უარყოფენ ნებისმიერ გეგმას, მოხდეს პალესტინელების გადასახლება ღაზისა და დასავლეთ სანაპიროდან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი გეგმები "საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, ქმნის კონფლიქტის გაფართოების რისკს და ძირს უთხრის რეგიონის ხალხებს შორის მშვიდობისა და თანაცხოვრების პერსპექტივებს".
განცხადება ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ზემოაღნიშნული არაბული ქვეყნების დიპლომატების შეხვედრის შემდგომ გაკეთდა. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, რათა "მიაღწიონ სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობას შუა აღმოსავლეთში - 2 სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე".
დიპლომატებმა საერთაშორისო საზოგადოებას ღაზის საფუძვლიანი რეკონსტრუქციის "დაგეგმვასა და განხორციელებაში" დახმარებისკენ მოუწოდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პალესტინელებმა საკუთარ მიწაზე გააგრძელონ ცხოვრება.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ ტრამპის წინადადებაზე თქვა, რომ პალესტინელთა გადასახლებას "ვერასდროს შეეგუებიან ან დაუშვებენ".
25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე ვუთხარი მას [იორდანიის მეფეს], რომ სურვილი მაქვს, თქვენ მეტი ლტოლვილი მიიღოთ, რადგან ამჟამად ღაზის მთლიან სექტორს ვაკვირდები და იქ ნამდვილი არეულობაა" - ტრამპმა ჟურნალისტებთან იორდანიის მეფე აბდულა II-თან მისი სატელეფონო საუბრის მონაკვეთი გაიხსენა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ 26 იანვარს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთანაც ისაუბრებდა. "მე მსურს, რომ ეგვიპტემაც მიიღოს ხალხი. საუბარია დაახლოებით ერთნახევარ მილიონ ადამიანზე" - დასძინა მან.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია":
"ამიტომ, მირჩევნია, ვიმუშაო ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან და ავაშენოთ საცხოვრებელი სხვა ადგილას, სადაც ლტოლვილებს შეეძლებათ, მშვიდად იცხოვრონ" - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.