აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა რამდენიმე ათეული პროკურორი გაათავისუფლა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ POLITICO ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის მონაყოლზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ დეპარტამენტის აღნიშნულ თანამშრომლებს ფედერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ედ მარტინმა შეატყობინა. როგორც POLITICO წერს, "ესაა ძალისხმევა, გაათავისუფლონ თანამშრომლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია თანამდებობებისთვის შეუფერებლად აღიქვამს".
გათავისუფლებულ პროკურორთაგან ერთ-ერთი 6 იანვრის შემთხვევასთან დაკავშირებულ 1600 საქმეს ზედამხედველობდა. მისი თქმით, დეპარტამენტიდან 25-30 კოლეგა დაითხოვეს.
კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმის 4-წლიანი გამოძიების ფარგლებში, იუსტიციის დეპარტამენტმა ასობით პროკურორი დაიქირავა, რათა თავდასხმასთან დაკავშირებულ საქმეებზე ემუშავათ.
ტრამპმა, თავის მხრივ, პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველივე დღეს 6 იანვრის საქმეზე ფედერალური გამოძიება დახურა, კაპიტოლიუმზე თავდამსხმელი პირები შეიწყალა და იუსტიციის დეპარტამენტს უბრძანა, გაეუქმებინა ყველა განსახილველი საბრალდებო აქტი, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ იყო დარჩენილი.
ცნობისთვის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც, უკვე მეორედ, მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდადებას მხარი არ დაუჭირა.