ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასის ტყვეობიდან კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა

Photo/Abdel Kareem

ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მძევალთა მეოთხე გაცვლის ფარგლებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

თავის მხრივ, 3 მძევლის სანაცვლოდ ისრაელი 183 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. 

იარდენ ბიბასი და საფრანგეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოფერ კალდერონი ჰამასმა წითელ ჯვარს უკვე გადასცა. ბოლო ცნობებით, ისინი ისრაელში იმყოფებიან. 

ახლახან გათავისუფლდა მესამე მძევალიც, ამერიკელ-ისრაელელი კით სიგელი, რომელსაც წითელი ჯვარი ისრაელში სულ მალე გადაიყვანს. 

ბიბასი, კალდერონი და სიგელი ჰამასის ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ამ დროისთვის 17 მძევალი გადასცა ისრაელს, მათ შორის, 12 ისრაელელი, ხოლო 5 - ტაილანდელი. სანაცვლოდ, ისრაელმა დაახლოებით 490 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. 

ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

კომენტარები