ევროკავშირი-აშშ

ტრამპის თქმით, EU-სთვის ტარიფების დაწესებას "აბსოლუტურად" აპირებს

დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში
Yuri Gripas/EPA

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ იგი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას "აბსოლუტურად" აპირებს. 

"ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? მართალი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური პასუხი გაგცეთ? აბსოლუტურად, აბსოლუტურად" - უთხრა ტრამპმა ერთ-ერთ ჟურნალისტს. 

ტრამპმა დაამატა, რომ "ევროკავშირი [აშშ-ს] საშინლად ექცევა".

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ევროკავშირთან სავაჭრო ომის დაწყებით გასულ თვეებშიც იმუქრებოდა. დეკემბერში მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ბლოკი მეტ ამერიკულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს არ იყიდდა, "ტარიფები წამოვიდოდა". 

თუმცა, ზემოაღნიშნულმა კომენტარმა პირველად დაადასტურა ტრამპის ეს განზრახვა. პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა ტიპის ტარიფებს დააწესებდა ან რა ტიპის საქონელზე, მაგრამ თქვა, რომ ის "ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთებას" გეგმავს. 

ევროპულმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა, "პროპორციული საპასუხო რეაგირება" მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ბლოკს ტარიფებს კვლავ დაუწესებს. 

პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპმა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ალუმინის იმპორტზე 10%-იანი ტარიფები დაუწესა. ამან ევროკავშირთან სავაჭრო ომის დაწყება გამოიწვია, რაც საბოლოოდ ბლოკის მიერ 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე, მათ შორის, ვისკიზე, მოტოციკლებსა და ფორთოხლის წვენზე, ტარიფების დაწესებით დასრულდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებების გზით აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ომის დეესკალაცია მოახერხა. 

ცნობისთვის, გუშინ, 31 იანვარს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებს. ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაცია 25-25%-იან ტარიფებს შემოიღებს, ხოლო ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფი დაწესდება.

კომენტარები