ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროპული მომავლის გატაცების შეჩერების ერთადერთი გზა არჩევნებისკენ მოწოდებაა – ზურაბიშვილი

დოლორეს ბილბაო/ტაბულა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქართულ ოცნებასთან ხაზების შენარჩუნება რეჟიმის მხრიდან იზოლაციას ვერ შეაჩერებს და ევროპული კურსიდან გადახვევის შესაჩერებლად ერთადერთი გზა აქციების მხარდაჭერა და ახალი არჩევნების მოთხოვნაა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს და პარტია დროას წევრის, მარიკა მიქიაშვილის პოსტს ეთანხმება, რომლის თანახმად, "მცდარი ვარაუდია, რომ პარტნიორები ქართულ ოცნებას უფრო რბილად უნდა მიუდგნენ, რათა მათ რაიმე მკვეთრი არ გააკეთონ, მაგალითად ევროსაბჭო დატოვონ". 

"ვეთანხმები: არასწორი ვარაუდია, რომ არალეგიტიმურ მმართველებთან [საკომუნიკაციო] ხაზების ღიად დატოვებით რეჟიმის მიერ იზოლაციის არჩევის თავიდან არიდება არის შესაძლებელი. საქართველოს ევროპული მომავალის გატაცების შეჩერების ერთადერთი გზა პოპულარული აქციების მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა". - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები "ეგზისტენციალური ბრძოლაა" და ქართველები არ დაიღლებიან, რასაც ისიც მოწმობს, რომ აქციები 65-ე დღეა, რაც გრძელდება.

"მათ, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქართველები, რომლებიც იცავენ საკუთარ მომავალს ევროპაში და არა რუსეთში, პროტესტისგან დაიღლებიან, არ ესმით, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. არ იღლები: იხილეთ მსხვილი საპროტესტო აქციები 65-ე დღეს!" - წერს ზურაბიშვილი.

მანამდე, ზურაბიშვილმა საქართველოს მეგობრებს ქართველ ხალხთან და მასთან ერთად გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ბათუმელების/ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი გადაარჩინონ და საქართველო რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან დაიხსნან.

"საქართველოს მეგობრებო, გაერთიანდით ჩემთან და ქართველ ხალხთან ერთად "ქართული ოცნების" ციხისგან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გადასარჩენად და საქართველოს ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. მზიას შიმშილობის მე-20 დღეა!" - წერდა ზურაბიშვილი X-ზე. 

კომენტარები