უნგრეთი-ევროკავშირი

ორბანმა განაახლა მუქარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციებს ვეტოს დაადებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაახლა მუქარა, რომ ექვსი თვის თავზე ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას, თუ უკრაინა ამ დროში რუსული გაზის მიწოდებას არ აღადგენს.

ორბანმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ევროკომისიისგან უკრაინის გავლით გაზის მიწოდების აღდგენის გარანტია მიიღო, რამაც უბიძგა მის მთავრობას დათანხმებოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.

"თუ ეს პირობა დაირღვევა, მაშინ არა მხოლოდ შევთავაზებთ სანქციების გაუქმებას, არამედ ჩვენ მათ გავაუქმებთ". - თქვა ორბანმა.

27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას დაეთანხმა. 

მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რამდენიმე შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დააყენეს.

უნგრეთის უკან დახევის სანაცვლოდ, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ ბლოკის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარანტიებს მიაწვდიდა.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინასთან მოლაპარაკებებს, რათა უზრუნველყოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება არსებული გაზსადენი სისტემის საშუალებით და რომ მზად არის ამ პროცესში უნგრეთი და სლოვაკეთიც ჩართოს.

"უნგრეთმა მიიღო მისი მოთხოვნილი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები". - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სზიჟარტომ.

"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლახან შეთანხმდნენ, რომ კვლავ გაახანგრძლივებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ". - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა პლატფორმა X-ზე. 

უნგრეთი ამ გადაწყვეტილებას დეკემბრიდან აჭიანურებდა. პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ სურდა დალოდებოდა ტრამპის ინაუგურაციას, სანამ სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

დონალდ ტრამპის აშშ-ს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკისთვის უნდა გადაეხედა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ომს გამოეთიშება, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას დამოუკიდებლად ვერ გააგრძელებს. 

"ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს. კვლავ არიან ისინი, ვისაც ამ წაგებულ ომში უზარმაზარი ოდენობის ფულის დახარჯვა უნდა, მაგრამ მათი რიცხვი იზრდება, ვინც აქამდე ხმამაღლა საუბრობდნენ, ახლა კი ჩუმად არიან და ვინც ფრთხილად აჟღერებს, რომ ახლა ვითარებას უნდა მოვერგოთ". - თქვა ორბანმა.

22 იანვარს დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე რუსეთის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა და ახალი სანქციებით დაიმუქრა, თუ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის.

Politico-ს ინფორმაციით, 23 იანვრისთვის ბრიუსელში უნგრეთისგან იგრძნობოდა, რომ ვეტოს დადებასთან დაკავშირებით მუქარის შეწყვეტისთვის მზად იყო. ორი დიპლომატის მიხედვით, უნგრეთის წარმომადგენელმა 23 იანვარს გამართულ შეხვედრებზე თქვა, რომ მისი ქვეყანა სანქციების განახლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ იყო.

კომენტარები